"ხატის გატანა საჭირო არაა" - "პატრიოტთა ალიანსი" საპატრიარქოს მოთხოვნას ამ დრომდე არ ასრულებს
"პატრიოტთა ალიანსი" საპატრიარქოს მოთხოვნას ამ დრომდე არ ასრულებს. სტალინის გამოსახულებით წმინდა მატრონას ხატი, ისევ სამების საკათედრო ტაძარშია დაბრძანებული. როდის წააბრძანაბენ ხატს ხატმწერთან იმისთვის, რომ სტალინის გამოსახულება წაშალონ, ამ კითხვაზე "პირველებს" დავით თარხანმოურავი ეუბნება, რომ 10 სანტიმეტრიანი ფიგურის შეცვლას ხატზე ნახევარი საათი სჭირდება და ამისთვის ხატის გატანა სამებიდან საჭირო არაა.
პატრიარქის მოწოდება შესრულდება. თქვენ რა გგონიათ, 5 წუთში შესრულდება ეს? ერთ ორ დღეში გაკეთდება. არ მოხდება ხატის გაბრძანება. 10 სანტიმეტრიანი ფიგურის შეცვლას ადგილზე სჭირდება მაქსიმუმ ნახევარი საათი. ამისთვის ხატის გატანა საჭირო არაა. საპატრიარქოს განცხადება არ მიხარია და ასეთ გადაწყვეტილებას არ მივიღებდი, მაგრამ დავემორჩილები, როგორც მაზიარებელი კაცი. ეს ერთი და მეორე, ვინ შეასწორებს, საპატრიარქოს ხატმწერი თუ ვინ, ეს გაირკვევა. მესამე, ეს არ ხდება 5 წუთში, ამას უნდა რამდენიმე დღე", - ამბობს დავით თარხანმოურავი.
საპატრიარქომ გვიან ღამით კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა. წერილით იტყობინებიან, რომ საპატრიარქოს სახელით გამოქვეყნებული ყველა განცხადება კათოლიკოს პატრიარქთან შეთანხმებულია და მრევლს მოუწოდებენ პროტესტის მშვიდობიანი ფორმით გამოხატვის ფარგლებს არ გასცდნენ.
სტალინის გამოსახულებიანი ხატის ირგვლივ შექმნილი აჟიოტაჟის შემდეგ, საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა. საპატრიარქოო პატრიოტთა ალიანსს მოუწოდებს, ხატი უკან წაიღონ, სტალინის გამოსახულება წაშალონ და შემდეგ ისევ სამების ტაძარში დააბრუნონ. თუ ხატში ცვლილებებს პატრიოტთა ალიანსი არ შეიტანს, მაშინ ამას საპატრიარქოო გააკეთებს.
9 იანვარს, აქტივისტმა ნატა ფერაძემ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ სტალინის გამოსახულებიან ხატს ლურჯი საღებავი შეასხეს.
მომხდარიდან მალევე, შსს-მ სამართალწარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
იმავე დღეს გაირკვა, რომ ხატი საკათედრო ტაძარს "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებმა შესწირეს.
გუშინ, კი ქუჩაში პრორუსული, აგრესიული დაჯგუფება გამოვიდა, "ალტ-ინფოს" აგრესიული წევრები აქტივისტ ნატა ფერაძის სახლთან მივიდნენ და მისი დასჯა მოითხოვეს.
რადიკალების გააქტიურების პარალელურად კი "ქართულმა ოცნებამ" საგანგებო ბრიფინგით განცხადება გაავრცელა. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა თქვა, რომ მმართველი პარტია საკანონმდებლო ცვლილებებს დააინიცირებს, რომ რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა გამკაცრდეს.