"რუსული კანონის" ავტორებს Human Rights Watch-ის კრიტიკული ანგარიში წამოეწიათ - რა წერია დოკუმენტში

12.01.24 12:29
"რუსული კანონის" ავტორებს Human Rights Watch-ის კრიტიკული ანგარიში წამოეწიათ - რა წერია დოკუმენტში

 

 

რუსული კანონის ავტორებს კრიტიკული ანგარიში წამოეწიათ. Human Rights Watch - ის შეფასებით, ეგრედწოდებული აგენტების შესახებ კანონი გამოხატვის თავისუფლებას ძირს გამოუთხრიდა. დღემდე "ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ კანონს ამერიკული მოდელის მიხედვით იღებდნენ, თუმცა ასე არ ფიქრობს გავლენიანიი ამერიკული ორგანიზაცია.

 „ხელისუფლება შეეცადა მიეღო კანონი ‘უცხოეთის აგენტების’ შესახებ, რომელიც ძირს გამოუთხრიდა გამოხატვის თავისუფლებას. კვლავაც რჩებოდა პასუხისმგებლობის დეფიციტი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დარღვევებისთვის, განსაკუთრებით, შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებით. ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული სხვა პრობლემები მოიცავდა მედიის თავისუფლების შეზღუდვას და მედიაზე თავდასხმას, ისევე, როგორც შრომის უსამართლო პირობებს. ადამიანის უფლებების ეროვნულ სტრატეგიაში არ შევიდა ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანების (ლგბტ) უფლებები“, - წერია ანგარიშში.

Human Rights Watch-მა რამდენიმე საათის წინ უახლესი ანგარიში გამოაქვყენა. ექვსთავიან დოკუმენტში, საქართველოში ადამიანის უფლებრივ მდგომარეობაზეა საუბარი.  

საქართველოში 2023 წელს ადამიანის უფლებების მდგომარეობა „არათანაბარი იყო“, წერს ავტორიტეტული უფლებადამცველი ორგანიზაცია.

დოკუმენტში ასევე განხილულია 2023 წლის  სპეცოპერაციები მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ. გამოწვევად რჩება ჟურნალსტებეე თავდასხმებიც.

გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა ქვეყანაში ვიზიტის შემდეგ შეშფოთება გამოხატა „უფლებადამცველთა საქმიანობისთვის ძირის გამოთხრისკენ მიმართული სისტემატური ძალისხმევის“ გამო, მათ შორისაა მთავრობის მხრიდან სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ წარმოებული ცილისწამების კამპანიები სოციალურ ქსელებში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სექტემბერში სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა გამოძიება დაიწყო სავარაუდო „შეთქმულების“ თაობაზე, რომელსაც აშშ-ის განვითარების სააგენტო, USAID აფინანსებდა და რომელიც მიზნად ისახავდა აქტივისტების გადაბირებას საზოგადოებაში არეულობის დასათესად და საქართველოს მთავრობის დამხობას.

„აშშ-ის მთავრობამ კატეგორიულად უარყო ეს ბრალდებები. ანგარიშის დაწერის მომენტისთვის საქართველოს უსაფრთხოების სამსახურებმა ათობით აქტივისტი დაკითხეს, მათ ხელი მოაწერინეს გაუთქმელობის ხელშეკრულებაზე, რათა არ დაეშვათ ამ საქმის საჯაროდ განხილვა“, - წერს Human Rights Watch-ი.

ანგარიშის ავტორები ახსენებენ „თბილისი პრაიდის“ ფესტივალის ჩაშლას, რომლის ჩატარების ადგილი დაარბიეს მემარჯვენე რადიკალებმა.

„ხელისუფლებამ დაიწყო გამოძიება, მაგრამ არავინ დაუკავებიათ თავდასხმასთან დაკავშირებით“, - შენიშნავს უფლებადამცველი ორგანიზაცია.

გარდა ამისა, Human Rights Watch-ი მიუთითებს ევროპარლამენტის თებერვლის რეზოლუციაზე, რომელშიც „სერიოზული შეშფოთებაა“ გამოხატული პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ევროპარლამენტი გამოვიდა მოწოდებით, გაათავისუფლონ ის და მისცენ წვდომა „სათანადო სამედიცინო მკურნალობაზე“ უცხოეთში.