დაგროვებითი პენსიით 7 095 პირმა ისარგებლა - საპენსიო სააგენტო

12.01.24 18:48
დაგროვებითი პენსიით 7 095 პირმა ისარგებლა - საპენსიო სააგენტო

საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, 2024 წლამდე დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 7 095 ადამიანმა. მათ მიერ მიღებული პენსიის ჯამური რაოდენობა 21 მილიონ 557 ათასი  ლარია.

სააგენტოს ცნობით, საპენსიო სქემის მონაწილეთა რაოდენობა 1 477 000 ადამიანია, წმინდა ამონაგებმა, კი 856,7 მილიონი ლარი შეადგინა.

საპენსიო სააგენტო აქვეყნებს ინფორმაციას იმის შესახებ, მსოფლიოს მასშტაბით, სად აქვს ინვესტირებული საკუთარი რესურსი. სააგენტოს აქციები ასე ნაწილდება:

  • აშშ – 41,5%;
  • აზია (განვითარებული ნაწილი) – 18,5%;
  • ევროპა – 17,6%;
  • აზია (განვითარებადი ბაზრები) – 12,2%;
  • ლათინური ამერიკა – 8,3%;
  • კანადა – 1,9%.

საპენსიო სააგენტოს ამონაგებზე დადებითი გავლენა იქონია დეკემბერში გლობალურ ბაზრებზე აქციების ფასების ზრდამ (+3.1% წინა თვესთან შედარებით). ერთი მხრივ, საქართველოში არსებული მაღალი საპროცენტო განაკვეთები, მეორე მხრივ, კი დაბალი ინფლაციის დონე, დადებით გავლენას ახდენს საპენსიო სააგენტოს რეალურ ამონაგებზე (ინფლაციის გათვალისწინებით). ჯამურმა რეალურმა ამონაგებმა დასაწყისიდან დღემდე 14.8% შეადგინა.

პორტფელების მიხედვით, დეკემბრის თვის ამონაგები შემდეგნაირად გამოიყურება: კონსერვატიული პორტფელი: ნომინალური ამონაგები 1.26%-ია, ხოლო რეალური ამონაგები (ინფლაციის გათვალისწინებით) 1.17%; დაბალანსებული პორტფელი: ნომინალური ამონაგები 1.39%, ხოლო რეალური ამონაგები (ინფლაციის გათვალისწინებით) 1.30%; დინამიკური პორტფელი: ნომინალური ამონაგები 1.46%, ხოლო რეალური ამონაგები (ინფლაციის გათვალისწინებით) 1.37%“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

რაც შეეხება აქციების პორტფელს, საპენსიო სააგენტოში აცხადებენ, რომ 2023 წელი გლობალური აქციების ბაზრებისთვის საკმაოდ კარგი აღმოჩნდა.

„დადებითი დინამიკა შენარჩუნდა დეკემბერშიც და ძირითადმა საფონდო ინდექსებმა დაბალი ერთნიშნა ზრდა დააფიქსირეს.

განსაკუთრებით კარგი აღმოჩნდა 2023 წელი ლათინური ამერიკის აქციებისთვის, რომლებიც 2023 წელს 25.1%-ით გაიზარდნენ. საპენსიო სააგენტოს აქციების პორტფელში 8.3% ლათინური ამერიკის კომპანიებზე მოდის.

31 დეკემბრის მდგომარეობით გლობალური აქციების წილი ჯამურ საპენსიო აქტივებში 19.2% იყო. საპენსიო სააგენტოს აქციების პორტფელის 43.4% ჩრდილოეთ ამერიკაშია ინვესტირებული, 18.5% განვითარებული აზიის რეგიონში, ხოლო 17.6% ევროპაში“, - წერია სააგენტოს ინფორმაციაში.