სპეცოპერაცია მოხისში - პოლიციელები ღამით ადგილობრივების სახლებში შეიჭრნენ

24.06.21 12:50
სპეცოპერაცია მოხისში -  პოლიციელები ღამით ადგილობრივების სახლებში შეიჭრნენ

სპეცოპერაცია მოხისში - ღამით კვალიშვილების და ხუციშვილების ოჯახში 10 სამართალდაცველი შეიჭრა. ოჯახის წევრების თქმით, სპეცოპერაცია მცირეწლოვანი ბავშვების თვალწინ რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. პოლიციელები სახლებში იარაღს და საბრძოლო მასალებს ეძებდნენ, თუმაც ჩხრეკა უშედეგოდ დასრულდა. 

ადგილობრივები ამბობენ, რომ სპეცოპერაცის წინ შპს „აგროინდუსტიის“ მეწილეების, ჯონდო ნანეტაშვილის და ვაჟა გორგიაშვილის, ჩვენებები უძღოდა. სწორედ აღნიშნულმა კომპანიამ შეიძინა ადგილობრივი მოსახლოების კუთვნილი 28 ჰექტარი მიწის ფართობი და 6 ოჯახი ლუკმა პურის გარეშე დატოვა.

ადგილობრივმა მოსახლეობამ მიწის გასხვისებასთან დაკავშირებით პროტესტი რამდენჯერმე გამოთქვა და აქციებიც მოაწყო. პასუხად კომპანიის ხელმძღვანელობამ  მათ უჩივლა. მოხისის მცხოვრებლები ამბობენ, რომ ჯონდო ნანეტაშვილი სახელმწიფო მინისტრის მოადგილის, ბადრი ნანეტაშვილის, ძმაა. დაზარალებულები მომხდარში ხელისუფლების დაკვეთას ხედავენ და შსს-ს რეაგირებისკენ მოუწოდებენ. 

წარმიდგინეს ჩხრეკის ორდერი და მედავებოდნენ, რომ თურმე ვინახავდი ცეცხლსასროლ იარაღს და საბრძოლო მასალებს. რა ვიცი, რაში დასჭირდათ ეს ყველაფერი. ეტყობა, ნიადაგს მიმზადებენ იმის, რომ ჩადება უნდათ რაღაცის სახლში. სხვა საფუძველი ვერაფერი რომ ვერ ნახეს, წამოვიდნენ მაგ პროვოკაციაზე. სამი შვილის მამას რა უნდა მქონდეს სახლში? ყაჩაღი მე არ ვარ, რეციდივისტი მე არ ვარ, ნასამართლევი მე არ ვარ. ერთი ცალი ვერაფერი მიპოვეს სახლში, რაც არ მაქვს, რას იპოვიდნენ. ვაჟა გორდიაშვილი მიჩივის იმიტომ, რომ აღელვების ნიადაგზე ვთქვი, რომ მოვკლავ-მეთქი. რომელი ადამიანი არ გაბრაზდება? აი, შენი ქონება გაიტანონ უცებ, გაგიყიდონ და იგებ იმ დღეს. რა რეაქცია გექნება? ვაჟა გორდიაშვილმა იყიდა ჩვენი მიწები. ვაჟა გორდიაშვილი ყოფილა, ახლა გავიგეთ, ნანეტაშვილების შოფერი. გაუფორმეს იმას, - ამბობს დაზარალებული მამუკა კვალიაშვილი. 

„პირველები“ ვაჟა გორგიაშვილის დაუკავშირდა. გორგიაშვილი ამბობს, რომ მიწები სახელმწიფო საკუთრება იყო.

სახელმწიფო საკუთრება იყო, არასდროს არ ყოფილა მათი და ჩვენო, სოფელსო, მიწები აღარ გვაქვსო, ვინ ჩვენ სოფელს? მანდ რამდენი კაცი სარგებლობდა მაგ 28 ჰექტარით, იცით? ხუთი. მოუნდათ ახლა მუქთა ქონება და ბოდიში, ვიღაცა ვაჟამ გაბედა, შევიდა და აუქციონზე ქონება იყიდა. ჩვენო სად გვაქვ მაგდენი ფული, 375 ათასი გადაგვეხადაო, ვერ გავიგე, ეგენი ნორმალურები არიან?  - ამბობს სატელეფონო საუბრისას გორგიაშვილი.