ასობით გაჭიანურებული სარჩელი - სასამართლოები მიმდინარე საქმეებით გადატვირთულია
სასამართლოები მიმდინარე საქმეებით გადაიტვირთა - ასობით სარჩელის ავტორი უძრავი ქონების მეპატრონეები არიან, რომლებიც მოსამართლისგან დარღვეული უფლებების აღდგენას ითხოვენ.
კანონში შეტანილი ცვლილების გამო, კერძო მესაკუთრეები არაკეთილსინდისიერ მოიჯარეებს ფართებიდან ვერ ასახლებენ. საპოლიციო ძალების ჩართვა ამ საქმეში არასაკმარისია, რის გამოც ერთადერთი გზა სასამართლო რჩება.
სარჩელები განსაკუთრებით დაგროვდა თბილისის საქალაქო სასამართლოში. იურისტები ამბობენ, რომ ეს პრობლემა ყველაზე მეტად რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ გამწვავდა, რადგან ქვეყანაში მიგრანტთა რაოდენობა უკონტროლოდ გაიზარდა.
"სასამართლო გუშაგის" დირექტორი, ნაზი ჯანეზაშვილი "პირველებს" უყვება, რომ გაჭიანურებული საქმეები მოსამართლეებს, რომელთაც გააჩნიათ საპროცესო ვადების დარღვევა, მოწყვლადს ხდის, რადგან საბჭოს აქვს უფლება, დისციპლინური დევნა დაიწყოს მათ წინააღმდეგ.
ზოგადად, სასამართლო სისტემის გადატვირთულობის პრობლემა დიდი ხანია ჩვენთან დღის წესრიგში დგას, მაგრამ სამწუხაროდ, ამ მხრივ არანაირ ზომებს იღებს ხელისუფლება იმისათვის, რომ საქმეთა გაჭიანურების პრობლემა დაიძლიოს. ეს საბოლოო ჯამში ძალიან მწვავედ აისახება მოქალაქეებზე, რომლებიც არიან სასამართლოს მომხმარებლები. მათი საქმეები ჭიანურდება, საპროცესო ვადების დაცვით არ ხორციელდება სამართალწარმოება, განსაკუთრებით საუბარია სამოქალაქო საქმეებზე და ბუნებრივია, შემდეგ უკვე ეს უკავშირდება ხარჯების გაზრდას იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მხარეები არიან სასამართლოში და სხვადასხვა ტიპის პრობლემებს იწვევს, რადგან მართლმსაჯულება გვიანდება. მოსამართლეებსაც უფრო მძიმე მდგომარეობაში ამყოფებს, რადგან ისინი მოწყვლადები ხდებიან, ვინაიდან ნებისმიერი მოსამართლის მიმართ, რომელიც სამოქალაქო საქმეებს იხილავს და აქვს დარღვევა საპროცესო ვადების, საბჭოს შეუძლია დაიწყოს დისციპლინური დევნა", - აღნიშნა ნაზი ჯანეზაშვილმა.