პირსაც ამოვიკერავ და თვალებსაც! - მოხისელების პროტესტი მწვავდება
მოხისელების პროტესტი მწვავდება - ამჯერად მომჩივანს ის ადგილობრივები უჩივიან, რომელთა სახლებშიც სამართალდამცველებმა სპეცოპერაცია ჩაატარეს. ადგილობრივები ჩივილს ცილისწამებისთვის აპირებენ. მათი თქმით, კომპანია „აგროინდუსტრიის“ ხელმძღვანელმა პირებმა გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს, თითქოს მათ სახლებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ინახებოდა.
მოხისელები მიწების გაყიდვის უკან ხელისუფლების ინტერესს ხედავენ. ისინი საგამოძიებო უწყებას საქმის დროული გამოძიებისკენ მოწოდებენ და ამბობენ, რომ თუ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები არ დაისჯებიან, ისინი პროტესტის ნიშნად თვალებს და პირს ამოიკერავენ.
სახლები დაგვიჩხრიკეს, ხალხო, ანუ რომ გააპროტესტო და ხმა ამოიღო, ეგეც არ შეიძლება. ბინძური გზებით გვებრძვიან. მოვუწოდებ ცილისწამების გულისთვის პროკურატურას, გორდიაშვილსა და ნანეტაშვილებს, ცილი დამწამეს მე. მოვუწოდებ პროკურატურას, აღძრას საქმე და გამოიძიოს ნორმალურად. სხვა შემთხვევაში მე პირადად მივმართავ დიდ პროტესტს, პირსაც ამოვიკერავ, თვალებსაც ამოვიკერავ, - ამბობს ადგილობრივი.
მოხისში ვალიშვილების და ხუციშვილების ოჯახში 10 სამართალდამცველი შეიჭრა. ოჯახის წევრების თქმით, სპეცოპერაცია მცირეწლოვანი ბავშვების თვალწინ რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. პოლიციელები სახლებში იარაღს და საბრძოლო მასალებს ეძებდნენ, თუმცა ჩხრეკა უშედეგოდ დასრულდა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ სპეცოპერაცის წინ შპს „აგროინდუსტიის“ მეწილეების, ჯონდო ნანეტაშვილის და ვაჟა გორგიაშვილის, ჩვენებები უძღოდა. სწორედ აღნიშნულმა კომპანიამ შეიძინა ადგილობრივი მოსახლოების კუთვნილი 28 ჰექტარი მიწის ფართობი და 6 ოჯახი ლუკმა პურის გარეშე დატოვა.
ადგილობრივმა მოსახლეობამ მიწის გასხვისებასთან დაკავშირებით პროტესტი რამდენჯერმე გამოთქვა და აქციებიც მოაწყო. პასუხად კომპანიის ხელმძღვანელობამ მათ უჩივლა.