არც ერთი სიტყვაა გელათზე - კულტურის კომიტეტმა ანგარიშში ისტორიული ძეგლის პრობლემები არ შეიტანა
35-გვერდიანი ანგარიში და არც ერთი სიტყვა გელათზე - პარლამენტის კულტურის კომიტეტმა 2023 წლის საქმიანობა ისე შეაჯამა, რომ განადგურების პირას მყოფი უძველესი სამონასტრო კომპლექსის შესახებ არაფერი უთქვამს.
დოკუმენტში ბევრი დაწერეს ერთი წლის განმავლობაში გამართული შეხვედრების შესახებ, თუ როგორ დადიოდნენ რეგიონებში, როგორ ამზადებდნენ ფინანსურ დოკუმენტაციას, თუმცა ბოლქვაძის კომიტეტი, რომელსაც წესით სამინისტროსთან მიმართებით საზედამხედველო ფუნქცია გააჩნია, გელათზე დუმს.
კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა განგაშის სიგნალი უკვე ჩართეს.
ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას" დამფუძნებელი, თორნიკე ბარათაშვილი სამინისტროსა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს, ელისო ბოლქვაძეს გულგრილობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში, გელათთან დაკავშირებულ პრობლემებზე უწყების არც ერთ წარმომადგენელს არანაირი ყურადღება არ გაუმახვილებია.
ორგანიზაციის წევრი ბოლქვაძისგან განმარტებებს მოითხოვს, თუ რატომ არაფერს არ აკეთებს კომიტეტი, რათა უძველესი სამონასტრო კომპლექსზე შესაბამისი ზედამხედველობა განხორციელდეს.
ვხედავთ 35-გვერდიან ანგარიშს, სადაც გელათზე არც ერთი სიტყვაც კი არ წერია. ეს არის უბრალოდ სამარცხვინო, მაგრამ რეალობაა ასეთი. როდესაც ხელისუფლება ამ წლების მანძილზე ამ საკითხს აიგნორებდა, ამიტომ მივიღეთ ეს ტრაგედია გელათში შექმნილი მდგომარეობის სახით. ბერკეტები კომიტეტს ბევრი აქვს, მაგრამ არ აღმოაჩნდათ სურვილი იმისა, რომ რაიმე პოზიტიური როლი ეთამაშა ამ საკითხში, რამდენადაც ახლა მათ არ აქვთ უნარი, წინააღმდეგობა გაეწიათ მინისტრისთვის. ისინი არჩევენ სამარცხვინო გზას და ამ საქმიანობის ანგარიში შეიძლება, რომ შეფასდეს ერთი სიტყვით და ეს ერთი სიტყვა არის სამარცხვინო", - ამბობს თორნიკე ბარათაშვილი.