აზერბაიჯანი სომხეთისგან საქართველოს საზღვართან მდებარე სოფლების გადაცემას ითხოვს - რა საფრთხეებზე საუბრობენ ექსპერტები

14.03.24 14:14
აზერბაიჯანი სომხეთისგან საქართველოს საზღვართან მდებარე სოფლების გადაცემას ითხოვს - რა საფრთხეებზე საუბრობენ ექსპერტები

აზერბაიჯანი სამშვიდობო შეთანხმების სანაცვლოდ, სომხეთისგან სოფლების გადაცემას ითხოვს. ოფიციალური ბაქო ითხოვს ტერიტორიას, რომელიც საქართველოს საზღვართან ახლოს არის და თბილის-ერევნის დამაკავშირებელი გზა გადის. ამავე გზაზე გადის რუსეთიდან მომავალი მაგისტრალურ გაზსადენი, რომელიც ბუნებრივი აირით სომხეთს ამარაგებს.

თუ სომხეთი დათანხმდება და ოთხი სოფელი აზერბაიჯანის კონტროლქვეშ მოექცევა, რა მოხდება ამ შემთხვევაში, რა საფრთხეები არსებობს საქართველოსთვის და მზად არის თუ არა ამ სცენარისთვის ხელისუფლება? ექსპერტები ფიქრობენ რომ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის პროცესში, შესაძლოა, რუსეთმა ვითარების დაძაბვა სცადოს, რასაც თბილისი მომზადებული უნდა შეხვდეს.

დღეს რეგიონის ყველაზე დიდი მტერი არის რუსეთი. შესაბამისად, მისი გააქტიურება ამ მხრივ არ არის გამორიცხული. მე საფრთხეს ამ თვალსაზრისით ვხედავ. ფაშინიანის პოზიცია, რომ რაც შეიძლება მეტად დაუკავშირდეს სომხეთის მომავალი დასავლეთს, ეს იწვევს გაღიზიანებას რუსეთში, ეს უკვე შკარად ჩანს და აშკარად დეკლალირდება. ამისთვის რუსეთს მეთოდები არ გამოელევა. ეს შეიძლება იყოს დაწყებული შიდა არეულობის განხორციელებით, პროვოციებით, ასევე არ არის გამორიცხული, სამხედრო ზეწოლაც განახოორციელოს სომხეთზე", - ამბობს სამხედრო მეცნიერებათ დოქტორი და "ჯეოქეისის" მრჩეველი ვახტანგ კაპანაძე.

სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი მიანიშნებს, რომ მზადაა, ეს ტერიტორიები დათმოს. რა შეიცვლება იმ შემთხვევაში, თუკი სომხეთის მთავრობა, ნიკოლ ფაშინიანის განცხადების კვალდაკვალ, მოახდენს კომუნიკაციების - გზისა და მილსადენის - რეკონსტრუქციას.

საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტი გიორგი ტუმასიანი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ აზერბაიჯანს გადაეცემა ეს 4 სოფელი, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აირჩიოს გზა, რომ ორმა მეზობელმა მოლაპარაკებების გზით მოაგვაროს აღნიშნული საკითხი.

შეიქმნება სირთულეები, როგორც სატრანზიტო, ისე ლოჯისტიკური, კომუნიკაციების კავშირების, მაგრამ ეს შეიძლება იყოს გამოყენებული ომის დაწყების საბაბად. არსებობს მოსაზრება, რომ ეს არის სადამსჯელო ოპერაცია სომხეთის პროდასავლური ნაბიჯების წინააღმდეგ. ამ შემთხვევაში ლოგიკურია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ აირჩიოს ის გზა, რომ ორმა მეზობელმა მოლაპარაკებების გზით უნდა მოაგვაროს აღნიშნული საკითხი", - ამბობს გიორგი ტუმასიანი.

 


 

მსგავსი სიახლეები