ძალადობა, მუქარა და სხვისი ქონების უკანონოდ მიტაცება - სოფელ საჯიჯაოს მოსახლეობა დახმარებას ითხოვს
დაშინება, მუქარა და სხვისი ქონების უკანონოდ მიტაცება - სოფელ საჯიჯაოს მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ხალხი ამტკიცებს, რომ კრიმინალური წარსულის მქონე მათი მეზობელი მორალურ ტერორში აცხოვრებთ. მათი თქმით, პენსიონერი მამაკაცი ხალხს ავიწროებს, აშინებს და შეურაცხყოფას აყენებს.
ირკვევა, რომ ერთ-ერთი ბოლო შემთხვევის დროს მამაკაცი მეზობელ დედა-შვილ ქარაიებს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა და მისგან მიწის ნაკვეთებს ითხოვდა.
მომხდარის შემდეგ, ქარაიებიდან დედა გულის შეტევით კლინიკაში მოხვდა და ამ დრომდეც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
ამ საქმეზე გამოძიება დაიწყო, სავარაუდო მოძალადე დააკავეს, მას პატიმრობა უკვე შეეფარდა, თუმცა არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საგამოძიებო უწყება მისი საპატიმროდან ხონის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანას გეგმავს. სწორედ ამიტომ ჩაერთო საქმეში "უფლებები საქართველო".
"ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოს მაცხოვრებლებმა გვაცნობეს, რომ წარსულში ნასამართლევი პირის მხრიდან მუდმივად განიცდიან ზეწოლას, შეურაცხყოფას, ძალადობას. აღნიშნული პირი მათ ართმევს ქონებას და ემუქრება. აღნიშნულმა პირმა მოახდინა ჯანმრთელობის სიმულაცია და ამ სიმულაციით მოახერხა, რომ თავი დაეღზია საპატიმროდაც. ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფ თამარ ქარაიას, რომელიც არის თსუ-ს პროფესორი და მის დედას მიაყენა შეურაცხყოფა, მოსთხოვა რომ მისთვის დაეთმო ეზო, რათა საქონელი ებალახებინა. ამ წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ, ქალბატონი მახუტი ქარაია ინფარქტის დიაგნოზით მოთავსებულია დღემდე საავადმყოფოში და მძიმე მდგომარეობაშია, ხოლო აღნიშნული პირი დაკავებულია ასევე იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით. პროკურატურამ მხოლოდ დანიშნა ამბულატორიული ფსიქიკური ექსპერტიზა და ამ ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, ჩვენთვის გუშინ ცნობილი გახდა, რომ პროკურატურა აპირებს აღნიშნული პირის მიმართ შეწყვიტოს სისხლის სამართლის საქმე და ის მოტავსებული იყოს სამკურნალო დაწესებულებაში", - ამბობს "უფლებები საქართველოს" წარმომადგენელი.