"პრემიუმ ალკო" მეშვიდედ გატეხეს - რა გაიტანეს მაღაზიიდან?
"პრემიუმ ალკოს" მაღაზია მეშვიდედ გატეხეს - ალკოჰოლური სასმლის შოურუმიდან სალარო აპარატი და ელექტროსიგარეტების სტენდია გატანილი. შემთხვევა შუაღამისას მოხდა.
კამერების ჩანაწერებით ირკვევა, რომ მაღაზიაში ორი შენიღბული პირი შეიჭრა და სალარო გაიტანეს. არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ სავარაუდო მძარცველები არასრულწლოვანები არიან.
"პრემიუმ ალკოს" წარმომადგენელი "პირველებთან" აცხადებს, რომ მიუხედავად დანაშაულის არაერთი ფაქტისა, არასრულწლოვანების დაჯგუფება ამ დრომდე არ არის პასუხისგებაში მიცემული, ამიტომ მისი თქმით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მათ მფარველი ჰყავდეთ.
ერთი წლის განმავლობაში მაღაზია გატეხეს 7-ჯერ , ოფისი გაგვიტეხეს ერთხელ. ერთი თვის წინათაც მოხდა ძარცვა. წაღებულია სალაროს აპარატი, ასევე ელექტროსიგარეტი თავისი სტენდით. ჩვენ შეჩვეულები ვართ მათ ვიზიტებს და არ ვტოვებთ ფულს სალაროში, თუმცა ამ შემთხვევაში, მთლიანად სალაროს აპარატი წაიღეს. წინა შემთხვევებში, უბრალოდ ხსნიდნენ ხოლმე და ახლა ჩაკეტილი იყო, ამიტომ მთლიანად წაიღეს სალაროს აპარატი. ეს არის არასრულწლოვანების დაჯგუფება, რომელსაც სავარაუდოდ, ვიღაც მართავს და იყენებს მათ. აბსოლუტურად არის დაუსჯელობის სინდრომი, რადგან არავინ არ ისჯება და არავინ ამაზე პასუხს არ აგებს. მოდის პოლიცია, აქვთ რეაგირება, საგამოძიებო პროცედურებს ახორციელებენ, მაგრამ ყველაფერი არის პასუხგაუცემელი. მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ზოგიერთი მათგანი იდენტიფიცირებულია, მაგრამ პასუხი არის ასეთი, რომ კანონის მიხედვით ვერ ვსჯით, რადგან არასრულწლოვანებზე არ მოქმედებს ეს კანონი", - ამბობს "პრემიუმ ალკოს" წარმომადგენელი.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.