ძალადობაში ბრალდებული კასპელი მაღალჩინოსნები თანამდებობაზე რჩებიან - სასამართლო საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე გადავიდა
ძალადობაში ბრალდებული კასპელი მაღალჩინოსნები თავისუფლებაზე რჩებიან - კასპის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი მჭედლიშვილისა და აპარატის უფროსის, ზურა ჩიტიშვილის საქმეზე სასამართლო არსებითი განხილვის ეტაპზე გადავიდა - ძალადობაში მხილებული გორის მაღალჩინოსნების ადვოკატმა მანამდე გამართულ სხდომაზე საქმეში დამატებითი მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების ჩადება მოითხოვა.
საუბარია იმ კონკრეტულ მოწმეებზე, რომლებიც ბრალდებულების სასარგებლოდ მისცემდნენ ჩვენებებს, თუმცა მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
განსასჯელის სკამზე მსხდომი პირები გირაოს სანაცვლოდ თავისუფლებაზე იმყოფებიან. ჩიტიშვილი და მჭედლიშვილი ბრალდებას უარყოფენ და ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებენ.
ბრალდებულების ადვოკატი, ზურაბ ბელთაძე ირწმუნება, რომ ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ დაპირისპირებაში საერთოდ სხვა ადამიანები ფიგურირებენ და ბრალდების მხარე "პერფორმანს" დგამს.
თქვენ ახსენეთ ზურაბ ჩიტიშვილი და გიორგი მჭედლიშვილი მაშინ, როდესაც უამრავი ადამიანი იქ ჭყლეტაში ერთმანეთს ხელსაც კრავდა, ეჯიკავებოდა, ეჭიდავებოდა. იყო გამიშვი, დამაკავე, თრევა და ათასი რამ. ამას ვიდეოკამერაში ნახავთ და დარწმუნდებით, იქ რამდენი ადამიანი მონაწილეობს და როგორ პერფორმანსებს დგამენ ე.წ. დაზარალებული მხარის წარმომადგენლები. ადამიანს, რომელსაც ხელი საერთოდ არ ხვდება, წარმოუდგენელია იმან რაიმე ტკივილი განიცადოს, რადგან ტკივილის მიყენებას სჭირდება გარკვეული ძლიერი მოქმედების განხორციელება. კონკრეტულად დარტყმის მომენტი უნდა იყოს ძლიერი, რომელსაც თქვენ კადრებზე ვერ ნახავთ. სამწუხაროდ, პასუხისგებაში მხოლოდ ორი ადამიანი არის მიცემული.
ბრალდებულებს არც ერთს არ ჰყოლიათ ადვოკატი წინა სასამართლო პროცესზე. ახლა დამატებითი მოწმეების გამოკითხვები წარვადგინეთ და უარი გვითხრეს. საკმაოდ არიან ისედაც მოწმეები და რაც მთავარია, კადრები არის, რომელსაც თავად შეაფასებს სასამართლო", - ამბობს ზურაბ ბელთაძე.
რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურორი ოთარ დოხნაძე დარწმუნებულია, რომ სასამართლო გორის მაღალჩინოსნების ბრალეულობას დაამტკიცებს და თავს გისოსებს მიღმა ამოაყოფინებს.
დაცვის მხარეს ჰქონდა მტკიცებულებათა დასაშვებობის შესახებ შუამდგომლობა, დამატებითი მტკიცებულებები იყო წარმოდგენილი, რაზეც ბრალდების მხარე არ დავეთანხმეთ იქიდან გამომდინარე, რომ ამ შემთხვევაში დარღვეული იყო ფორმალური საფუძვლები. ჩემს მიერ იქნა გაჟღერებული, რომ საქმეში არსებობს მთელი რიგი მტკიცებულებები, მოწმეთა ჩვენებები, გამოკითხვის ოქმები, რომლებიც ბუნებრივია წარდგებიან სასამართლოზე და მიაწვდიან სასამართლოს ობიექტურ ინფორმაციას. ასევე არის ვიდეოჩანაწერები, რომელზეც აღბეჭდილია და კარგად ჩანს ის ძალადობის ფაქტები, რომლებიც განხორციელდა. ჩვენი მოლოდინი არის გამამტყუნებელი განაჩენი აღნიშნულთან დაკავშირებით", - ამბობს ოთარ დოხნაძე.
ცნობისთვის, მოვლენები 2022 წლის თებერვალში, კასპის საკრებულოს სხდომათა დარბაზში განვითარდა, რა დროსაც კასპის მაღალჩინოსნებმა და სამართალდამცველებმა ჟურნალისტებსა და სამოქალაქო აქტივისტებს სხდომათა დარბაზი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. ორი წლის გასვლის მიუხედავად, გიორგი მჭედლიშვილის და ზურა ჩიტიშვილის ბრალი მხოლოდ სამოქალაქო აქტივისტის, ირაკლი მილაძეზე ძალადობისთვის წარედგინათ.
აღნიშნული საქმე "ადამიანის უფლებათა ცენტრმა" სტრასბურგში წაიღო.