მექსიკის საზღვრიდან, სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქეები გაიტაცეს - რას ამბობს საგარეო
მექსიკის საზღვრიდან სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქეები გაიტაცეს. 30-მდე ადამიანის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.
გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკისკენ არალეგალური გზით მიმავალი ხალხი ნარკოკარტელებმა წაიყვანეს და ახლა გამოსასყიდს ითხოვენ. საუბარია 90 000 დოლარზე. გატაცებულებს შორის არიან სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც, ჯამში საუბარია 120-მდე ადამიანზე.
ადამიანებს, რომლებსაც შიდა წყაროზე დაყრდნობით აქვთ ინფორმაცია, "პირველებთან" ამბობენ, რომ 15 საქართველოს მოქალაქის გამოსასყიდი თანხა გადახდილია, საუბარია 45 ათას დოლარზე.
ეს ადამიანები გზაზე გააჩერა საემიგრაციო სამსახურმა ანუ, პოლიციამ და შემდეგ გადასცა კარტელს. ეს იმას ნიშნავს, რომ რეალურად პოლიციამ სადეპორტოში კი არ გადაიყვანა და საქართველოში კი არ გამოისტუმრა იმისთვის, რომ ისინი არალეგალურად იმყოფებოდნენ ქვეყანაში, არამედ კარტელს გადასცა. თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ორი მხარე შეთანხმებულად მოქმედებენ. აქედან გამომდინარე, ძალიან ძნელი სათქმელი არის ის, რომ იქ პოლიცია მივა და ამ ადამიანებს გამოიხსნის, ეს ასე არ არის. იქ დარწმუნებული უნდა იყოს ორივე მხარე, რომ ის ხალხი მშვიდობიანად გათავისუფლდება, როდესაც თანხის მეორე ნაწილს მიიტანენ. მე როგორც მითხრეს, 15 ადამიანის თანხა, რომელიც გადაიხადეს უკვე რამდენიმე საათის წინ, იმ 15 ადამიანს გაათავისუფლებენ", - ამბობს მოქალაქე.
ინფრომაცია საქართველოს მოქალაქეების გატაცების შესახებ ერთ-ერთმა გატაცებულმა მოქალაქემ მიაწოდა ახლობელს ფეისბუკით საშუალებით.
ეს ადამიანები არიან სარდაფში. დაახლოებით 30 ქართველი. საერთო რაოდენობა არის 120 დაახლოებით. ამ 30 ქართველიდან ჩვენთან კონტაქტზე გამოვიდა ერთ-ერთი მათგანი. მისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, სახელს და გვარს ვერ დავასახელებ. მთავარი ამოცანაა მათ ვუშველოთ", - ამბობს მოქალაქე.
საგარეო საქმეთა სამინისტრო "პირველებს" ფაქტობრივად უდასტურებს, რომ ამერიკისკენ არალეგალური გზით მიმავალი 30-მდე საქართველოს მოქალაქის ადგილსამყოფელი უცნობია და დეტალებს ახლა მექსიკის საიმიგრაციო სამსახურებთან არკვევს.
საელჩო კავშირზეა მექსიკის საიმიგრაციო სამსახურთან დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით და არკვევს მოქალაქეთა შესაძლო ადგილსამყოფელს. საელჩო კავშირზე რჩება მოქალაქეთა ოჯახის წევრებთან, მათთან, ვინც მიმართა საელჩოს ოჯახის წევრის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით", - განუცხადა სამინისტრომ "პირველებს".