საარჩევნო უბნების გახსნა საზღვარგარეთ - ემიგრანტები საგარეო საქმეთა სამინისტროს უყურადღებობაში ადანაშაულებენ
ქართველი ემიგრანტები საგარეო საქმეთა სამინისტროს უყურადღებობაში ადანაშაულებენ. უცხოეთში მცხოვრები ქართველები ამბობენ, რომ მათ პრობლემებზე დარჩიაშვილის უწყება თვალს ხუჭავს. ქართული დიასპორის წევრები ევროპის და ამერიკის სხვადასხხვა ქალაქებში დამატებით საარჩევნო უბნების გახსნას ითხოვენ. ირკვევა, რომ ამ მოთხოვნით მინისტრის სახელზე სამინისტროში წერილების მთელი დასტაა გაგზავნილი, თუმცა უშედეგოდ.
20 დეკემბერს გავაგზავნე პირადად მე ხელმოწერები და მიმართვა საქართველოს საგარეო სამინისტროსთან, რომ მაინტერესებდა, როგორ შეიძლებ დაორგანიზდეს, რომ ანტვრეპენში გაიხსნას საარჩევნო უბანი და უბრალოდ, დასტურიც არ მოგვსვლია და ყველა ამ დღეში ვართ, - ამბობს მიგრანტი.
პრეზიდენტთან გამართული ორ საათიანი დისტანციური შეხვედრის მონაწილეები დახმარებას სალომე ზურაბიშვილს სთხოვენ, თუმცა გაირკვა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო პრეზიდენტსაც არ ელაპარაკება.
საქართველოს პრეზიდენტმა ქართულ დიასპორასთან საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით ონლაინშეხვედრა გამართა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ 20 სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები 70-ზე მეტი ქალაქიდან.
პრეზიდენტის განცხადებით, როდესაც საარჩევნო უბნის გახსნასთან დაკავშირებით 50 კაცი მოამზადებს დოკუმენტს და მოაწერს ხელს, დოკუმენტის დედანი უნდა მიიტანოს საკონსულოში, ან გადაუგზავნოს მას ფოსტით.
სალომე ზურაბიშვილმა ემიგრანტებს მოუწოდა, მაქსიმალურად ჩაეწერონ საარჩევნო სიებში და მაქსიმალურად უკვე დღეიდან დაიწყონ მუშაობა დამატებითი უბნების გასახსნელად.