კაცი, რომელიც მეგობარ ქალს შანტაჟში, პოლიციას კი ზეწოლაში ადანაშაულებდა, გაუჩინარდა
მოქალაქე, რომელიც შეყვარებულ ქალს შანტაჟში ადანაშაულებდა და ამის გამო თავის დაწვას გეგმავდა, გაუჩინარებულია. "პირველების" მიერ ხუთშაბათს ჩაწერილ ინტერვიუში მამაკაცი ამტკიცებდა, რომ ის ყოფილი შეყვარებულის მხრიდან შანტაჟის მსხვერპლი გახდა, პოლიციას კი არასათანადო მოპყრობაში ადანაშუალებდა. გუმაშვილის თქმით, ყოფილი მეგობარი ქალი მას შეხვედრებზე იბარებდა, შემდეგ კი პოლიციაში მუქარის მოტივით უჩიოდა, რის გამოც შემაკავებელი ორდერიც კი იყო მისი მისამართით გამოწერილი. ბრალდებული ამტკიცებდა იმასაც, რომ მომჩივანი ქალი მას ცოლად მიჰყვებოდა, თუმცა ეს უკანასკნელიც, პოლიციაში ზარით დასრულდა.
ფარული ნომრებით მირეკავს, მაშანტაჟებს, ხან შეხვედრებს მთხოვს, სექსუალურ ურთიერთობას მთხოვს, ხან ცოლად გამოგყვებიო, ხან ერთად ვიცხოვროთო და ცდილობს, ამიყოლიოს მიმოწერაში, რომ მერე ეს ყველაფერი გამოიყენოს ჩემს წინააღმდეგ შსს-ში. მერე მოდის აქ, შემაკავებელ ორდერებს აწერინებს და ეს ლოტკინის პოლიციაც მიბარებს, ფსიქოლოფგიურად ძალადობენ, შეურაცხყოფას მაყენებენ, ყველანაირად ცდილობენ, რომ მოძალადე ქალი მართალი გამოიყვანონ. შსს-ს ვადანაშაულებ ფსიქოლოგიურ ძალადობაში, მუქარაში...ყველანაირად ცდილობენ, საქმე შემიკერონ და ისევ ციხეში გამიშვან, როცა ამ ქალისთვის არასდროს შეურაცხყოფა არ მიმიყენებია, - ამბობს გუმაშვილი.
ჯემალ გუმაშვილის ადგილსამყოფელს ოჯახი ამ დრომდე ვერ აგნებს. ოჯახს აქვს ეჭვი, რომ კაცი დაკავებულია. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ გუმაშვილის კვალი სწორედ პოლიციის განყოფილებიდან ქრება, თუმცა შსს ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.
ბლოკნოტით დადიოდა იმდენად შეშინებული იყო, მეტყველებაზეც პრობლემა შეექმნა ანუ რამდენჯერმე იმეორებს ერთი და იგივეს.ბლოკნოტით დადიოდა და წერდა ყველაფერს, დასცინოდნენ. როგორც გავიგე, ლოტკინის პოლიციელი არ ვიცი რომელი გამომძიებელი, უყვიროდა და ფსიქოლოგიურად ახდენდა ზეწოლას. თქვენს მერე მოვიდა, აქ მყავდა, დავკეტეთ სალონი, ერთად გავედით და ვაჟა ფშაველას განყოფილებიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ დაკითხვაზე მოდიო. წავიდა პოლიციაში. დავრეკე 112-ში და ვუთხარი რაც ხდებოდა, ადამიანს ვეძებ-მეთქი და თუ დაკავებულია, გამაგებინეთ, თუ მკვდარი, გამაგებინეთ... პოლიციის განყოფილებაშ დაიკარგა-მეთქი. პასუხიც არ გამცეს, არც დამირეკა არავინ და დილით მითრეს, რომ დაკავებული არისო, - ამბობს ოჯახის წევრი.