სცემა თუ არა პოლიციის მაღალჩინოსანმა 20 წლის ტაქსის მძღოლი - შსს განმარტებას აკეთებს
დაკავება ჩანთის ქურდობის ბრალდებით - შსს განმარტებებს აკეთებს. საგანგებო განცხადებაში უწყება წერს, რომ ტაქსის მძღოლს მოქალაქის ჩანთა, რომელშიც დოკუმენტებთან ერთად 15 600 აშშ-დოლარიც იდო, განყოფილებაში თავად არ მიუტანია და ის მისი დროებითი ბინის ჩხრეკისას პოლიციამ ამოიღო.
შსს ასევე ამტკიცებს, რომ ადვოკატის განაცხადება, თითქოს ტაქსის მძღოლი პოლიციის განყოფილებაში სცემეს, სიმართლეს არ შეესაბამება და მიზნად პოლიციის დისკრედიტაციას ისახავს.
საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვსურს გამოვეხმაუროთ „ტელეკომპანია პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტს, რომელიც პოლიციელის მხრიდან დანაშაულში სავარაუდო ბრალდებული პირის ცემის ფაქტს შეეხებოდა.
16 მარტს ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, უცხო ქვეყნის მოქალაქის ა.ი.-ს მიმართვის საფუძველზე, დაიწყეს გამოძიება ქურდობის ფაქტზე.
დაზარალებულმა ჩანთის ქურდობის ფაქტზე გააკეთა შეტყობინება, სადაც მოთავსებული იყო, 15 600 აშშ-დოლარი და სხვადასხვა დოკუმენტი.
ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულ მოქალაქეს ჩანთა დარჩა ერთ-ერთი კომპანიის ტაქსის საბარგულში, რომელიც შემდგომ ტაქსის მძღოლმა თავის დროებით საცხოვრებელ სახლში დამალა.
პოლიციის მიერ ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მალევე დადგინდა დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და მოხდა მისი პოლიციის განყოფილებაში დაბარება.
სამართალდამცველებმა ნაქურდალი ჩანთა და თანხა ე.გ.-ს დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს.
გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს სამართალდამცველებმა დაკავებულზე იძალადეს არ შეესაბამება სიმართლეს და ემსახურება პოლიციის დისკრედიტაციას.
ასევე, მცდარია დაკავებულის უფლებადამცველის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ე.გ.-მ პოლიციის განყოფილებაში თავად მიიტანა ნაქურდალი ნივთი.
ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ჩადენილ ქურდობას გულისხმობს, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ელჯან გამბაროვი პოლიციის განყოფილებაში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც ახალგაზრდა ქალმა მისცა ჩვენება, რომ კაცმა მისი ჩანთა გაიტაცა. დაკავებულის ადვოკატი "ტვ პირველთან" ამტკიცებდა, რომ 20 წლის კაცი პოლიციის განყოფილებაში სცემეს და ჩვენება იძლებით მიაცემინეს.