"ჩამონგრევისას შენობაში კაცი იმყოფებოდა" - როგორია დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

20.03.24 13:34
"ჩამონგრევისას შენობაში კაცი იმყოფებოდა" - როგორია დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

ისანში ჩამონგრეული სახლის შედეგად დაზარალებული კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია - ამ დროისთვის ექიმებმა დაშავებულს ყველანაირი საჭირო დახმარება გაუწიეს, ამიტომ კაცის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

"პირველების" ინფორმაციით, მეტეხის 14 ნომერში კორპუსის ნგრევა დილის 6 საათისთვის დაიწყო, რა დროსაც სახლში ორი ადამიანი იმყოფებოდა. მოქალაქეები ამბობენ, რომ შენობა ავარიული იყო, ამიტომ ადგილზე უსახლკარო პირების გარდა, არავინ არ ცხოვრობდა. 

ადგილობრივები "პირველებთან" საუბრის დროს აცხადებენ, რომ თვეების წინ თბილისის მერიის წარმომადგენლებმა ტერიტორია შემოღობეს და მოქალაქეებს შიგნით შესვლა აუკრძალეს, თუმცა ამ დროის განმავლობაში, დაფიქსირდა რამდენიმე ფაქტი, როდესაც ბინადრობის არ მქონე პირები საცხოვრებელ კორპუსში ღამეს თვითნებურად ატარებდნენ.

რაღაც ხმები იყო. გავჩერდი, ვუყურებდი და ამ დროს ჩამოინგრა. არ ვიცი, შიგნით ვინ იმყოფებოდა, რადგან მანდ არავინ არ ცხოვრობს. ვისაც თავშესაფარი არ აქვს, ისინი რჩებოდნენ ხოლმე. ერთი ადამიანი დაშავდა. გამოიყვანეს და სასწრაფოთი წაიყვანეს", - ამბობს ადგილობრივი.

სავარაუდოდ, ახლა კორპუსის დემონტაჟი მოხდება და ადგილზე ახალი საცხოვრებელი სახლი აშენდება, სადაც დროებით გასახლებული ადამიანები უკან დაბრუნებას შეძლებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

მსგავსი სიახლეები