გურიაში, იმერეთსა და შიდა ქართლში უკანონო სახერხი საამქროები გამოვლინდა
გურიაში, იმერეთსა და შიდა ქართლში 3 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, სამივე ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
დეპარტამენტის ინფორმაციით, შემდგომი რეაგირების მიზნით, მასალები შესაბამის უწყებებს აქვთ გადაგზავნილი.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ მამათში, მოქალაქეს ლენტური ტიპის სახერხი საამქრო უკანონოდ ჰქონდა მოწყობილი. საამქროს ტერიტორიაზე განთავსებული იყო 15 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი) და 3,5 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი.
ასევე ლენტური ტიპის უკანონო სახერხი საამქრო დაილუქა ქალაქ ხაშურში. საამქროს ტერიტორიაზე განთავსებული იყო სხვადასხვა სახეობის, 2,5 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მელუშეეთში, მოქალაქეს საკარმიდამო ეზოში უკანონოდ ჰქონდა დამონტაჟებული ცირკული ტიპის სახერხი დანადგარი. ტერიტორიიდან ამოღებულია 1 კუბურ მეტრამდე მოცულობის დახერხილი ხე-მასალა" - ნათქვამია უწყების განცხადებაში.