Georgian Airways ევრო 2024-ზე საქართველოს მატჩებზე დამსწრეებისთვის პირდაპირ ფრენებს შეასრულებს
ჯორჯიან ეარვეისი გერმანიაში, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მატჩებზე დასწრების მსურველებისთვის სპეციალურ, პირდაპირ ფრენებს შეასრულებს. ავიაკომპანია ფრენებს იმ ქალაქებში განახორციელებს, სადაც საქართველოს ნაკრები ითამაშებს - ეს ქალაქებია დორტმუნდი, ჰამბურგი და დუსელდორფი.
სიხარულით გაცნობებთ, რომ ,,ჯორჯიან ეარვეისი“ გერმანიაში, ევრო-2024-ზე ეროვნული ნაკრების თამაშებზე დასწრების მსურველებისთვის სპეციალურ პირდაპირ ფრენებს შეასრულებს.
ავიაკომპანია კიდევ ერთხელ ულოცავს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს და სრულიად საქართველოს ისტორიულ გამარჯვებას!
,,ჯორჯიან ეარვეისი“ შეასრულებს სპეციალურ პირდაპირ ფრენებს თბილისიდან გერმანიის იმ ქალაქებში, სადაც გაიმართება საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების თამაშები ევროპის ჩემპიონატზე იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტმა გულშემატკივარმა შეძლოს მატჩებზე დასწრება.
პირდაპირი ფრენები შესრულდება შემდეგი განრიგით:
თბილისიდან დორტმუნდში 17 ივნისს (გამოფრენა დორტმუნდიდან თბილისში 19 ივნისს);
თბილისიდან ჰამბურგში - 21 ივნისს (გამოფრენა ჰამბურგიდან თბილისში 23 ივნისს);
თბილისიდან დუსელდორფში 25 ივნისს (გამოფრენა დუსელდორფიდან თბილისში 27 ივნისს).
პირდაპირი რეისები შესრულდება მგზავრებისთვის მატჩებზე დასასწრებად კომფორტულ დროს.
ავიაბილეთების გაყიდვა დაიწყება 1 აპრილიდან, ავიაკომპანიის ვებ-გვერზე, გაყიდვების ოფისებსა და პარტნიორ სააგენტოებში.
ერთად ვუგულშემატკივროთ ეროვნულ ნაკრებს!"- წერია ავიაკომპანიის განცხადებაში.