"ოცნება" ამტკიცებს, რომ ფეხბურთში მოპოვებული გამარჯვება მათი დამსახურებაა

29.03.24 17:23
"ოცნება" ამტკიცებს, რომ ფეხბურთში მოპოვებული გამარჯვება მათი დამსახურებაა

"ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ ფეხბურთში მოპოვებული ისტორიული გამარჯვება მათი დამსახურებაა. უკვე მეორე დღეა, ხელისუფლების ლიდერები ერთი მეორის მიყოლებით ამტკიცებენ, რომ ფეხბურთელების წარმატება არ იქნებოდა, რომ არა უწყვეტი მშვიდობა ქვეყანაში. 

მხოლოდ ბიჭები ვერაფერს გააკეთებს რომ არ იყოს გუნდი. მე ფეხბურთში მთელი ჩემი ცხოვრება მაქვს გატარებული და ძალიან კარგად ვიცი, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ფეხბურთელმა, რომელიც ჩამოდის საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, იფიქროს მხოლოდა და მხოლოდ იმაზე, როგორ ითამაშოს საუკეთესო ფეხბურფთი, როგორ მოემზადოს. ამისთვის მთლიანად ხელისუფლება და რა თქმა უნდა, ფეხბურთის ფედერაცია არის ერთ-ერთი ორგანო, რომელიც კურირებს ამ ყველაფერს. ხელისუფლებამ მთელი ამ წლების განმავლობაში მოახერხა და გააკეთა ის, რომ ქვეყანაში შეინარჩუნა მშვიდობა. რამდენი წარმატება, რამდენი მედალი, ეს, რა თქმა უნდა, ამ პოლიტიკის დამსახურებაა, რომელსაც "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" ატარებს, - თქვა კალაძემ. 

საქართველოს პრემიერი კი ირწმუნება, რომ ფეხბურთელების გამარჯვება ფეხბურთის ფედერაციის სწორი მუშაობის შედეგია.

ეს გამარჯვება არის ნაკრების ბიჭების დამსახურება. ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მართებულია უეფას განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს გამარჯვება წლების განმავლობაში შეიქმნა და რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის სათავეში იყო საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, პირადად ლევან კობიაშვილი, ფედერაციის პრეზიდენტი. ამ წლების განმავლობაში აკეთებდნენ ყველაფერს, რომ შექმნილიყო განსაკუთრებული ისტორიული გამარჯვება, - თქვა ირაკლი კობახიძემ.