სასამართლო სისტემასა და "ოცნებას" შორის ახალმა სკანდალმა იფეთქა - შალვა თადუმაძე საგარეო უწყებას უპირისპირდება
სასამართლო სისტემასა და "ქართული ოცნების" ხელისუფლებას შორის ახალმა სკანდალმა იფეთქა - ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი და უზენაესი სასამართლოს მოქმედი მოსამართლე დარწმუნებულია, რომ სასამართლო კლანის ბოსები საგარეო საქმეთა სამინისტროს უმოქმედობის გამო დაასანქცირეს.
შალვა თადუმაძის მიერ გაკეთებული სკანდალური განცხადებების ჩანაწერი "ნეტგაზეთმა" გაავრცელა. შალვა თადუმაძე პირდაპირ ახსენებს ფრაზებს საქართველოს ხელისუფლებაში არსებული კორუმპირებული პირების შესახებ და სხვა მოსამართლეებს ეკითხება, თუ რატომ არ დაასანქცირეს ისინი.
თუ ვინმეს გვჯერა აქ ახლა, რომ სახელმწიფო ადმინისტრაციამ ქვეყანაში 4 კორუმპირებულის მეტი ვერ ნახა, გვჯერა ამის ვინმეს? იქ სადაც ხელისუფლება მუშაობს, იქ შედეგებს დებს. როცა საგარეო საქმეთა სამინისტრომ იცოდა, დეპარტამენტი რაზე მუშაობდა, იმიტომ რომ აღმასრულებელი ხელისუფლების შტო არ იყო და სასამართლოს ხელისუფლების შტო იყო, არ იყო ისეთი ძალისხმევა, თორემ ვიცით უფრო კორუმპირებული ადამიანები, რომლებიც უფრო გამოჩენილები იყვნენ, მათ შორის, საერთაშორისო დონეზეც. ამიტომ ის, რომ ახლა 9 პუნქტია შესასრულებელი, სასამართლოს მივხედოთ და რვაზე რაღაცებს ვივაჭრებთ, ასე არ გამოვა. თუ გინდა, რომ ხელისუფლება იყო, ხელისუფლებასავით უნდა იცხოვრო. ამიტომ მე მგონია, რომ საკანონმდებლო ხელისუფლებამაც უნდა გაიგოს ჩვენი ხმა, სხვა პოლიტიკოსებმაც, მათ შორის, პრეზიდენტმაც, რომელიც ჩვენ რეიტინგზე უფრო ზრუნავს, ვიდრე საკუთარზე და ხშირად ამბობს, რომ დაბალი რეიტინგი აქვს ამ ინსტიტუტს. თითქოს, არ ვიცოდეთ, რა რეიტინგი აქვს ამ ინსტიტუტს. ამიტომ არ მგონია ახლა, რომ ერთ-პროცენტიანი პოლიტიკოსების სამსჯელო იყოს, ჩემი ან რომელიმე ჩვენგანის კეთილსინდისიერება", - ამბობს თადუმაძე.
ქართველი ოლიგარქის ყოფილი ადვოკატი დარწმუნებულია, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში მოსამართლეთა კეთილსინდისიერების ტესტის ჩაბარება დაიწყება, მის საქმიანობას არაკეთილსინდისიერად გამოაცხადებენ.
ხვალ რომ ჩაატარონ, აი დაჯდა ის იურიდიული კომიტეტი, იაგო ხვიჩია, ფრიდონ ინჯია და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ უნდა შეგვამოწმონ და მერე კანონშიც მიიღეს და პარლამენტმა თუ მიიღო ეს გადაწყვეტილება და ხალხს რომ ევროპაში უნდა, ჩვენ წინააღმდეგობას ხომ ვერ გავუწევთ და ამ შემოწმებაზე 100-პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ არაკეთილსინდისიერი და არაკვალიფიციური ვიქნები. 5 000-ს გადაწყვეტილებაზე, რომელზეც ხელი მოვაწერე, იმ ადამიანებს მეექვსე მუხლი დაერღვევათ, თუ არა, რადგან მე ვიყავი იმ შემადგენლობაში და ეს გახდება თუ არა ახლადაღმოჩენილი გარემოება, რომელმაც უნდა გადახედოს კიდევ ის 5 000 საქმე. რაღაც აბსურდში მივდივართ", - თქვა თადუმაძემ.