რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები მინისტრს შეხვდნენ - რაზე ისაუბრეს თეთრხალათიანებმა სარჯველაძესთან

30.03.24 15:31
რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები მინისტრს შეხვდნენ - რაზე ისაუბრეს თეთრხალათიანებმა სარჯველაძესთან

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები ჯანდაცვის ახალ მინისტრს შეხვდნენ - მხარეებმა ქვეყნის მთავარ კლინიკაში არსებული კრისიზი განიხილეს, რომლის მიხედვითაც სანებართვო პირობების ამოქმედების გამო, კლინიკებს რეანიმაციული საწოლების შემცირება მოუწიათ.

საავადმყოფოში შექმნილი მძიმე ვითარება, რომლის გამოც რესპუბლიკურში დღეს აღარც ექიმები ჰყავთ ოპერაციების ჩასატარებლად და აღარც რეანიმაციები, მიხეილ სარჯველაძემ თეთრხალათიანებთან ერთად შეაფასა.

სარჯველაძემ ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის გადაწყვეტილების გამო, კლინიკიდან წასული მედპერსონალის უკან დაბრუნებასთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ ზოგიერთი მათგანის დაბრუნება შესაძლებელია.

სამინისტროსთვის, რა თქმა უნდა, არის მნიშვნელოვანი, რომ კარგად გავერკვიოთ სიტუაციაში ცალკეულ დეტალებთან დაკავშირებით, რომელი დეტალებიც იქნება აუცილებელი საიმისოდ, რომ სწორად დაიგეგმოს პროცესები. ჩამონათვალი, რომელიც გავლენას ახდენს ზოგადად, მაგალითად საწოლფონდის, ან რეანიმაციული ბლოკების რაოდენობაზე და ა.შ. გაცილებით უფრო ფართოა, ვიდრე "დიარჯიზე" მითითება. ამას სჭირდება კომპლექსურად ანალიზი, რომელზეც მუშაობა მუდმივად მიმდინარეობს. ვაკვირდებით პროცესს ისე, რომ ქვეყანაში არცერთ პაციენტს არ შეექმნას ისეთი პრობლემა, რომელიც შეიძლება, გადაულახავი აღმოჩნდეს.

პერსონალი, რომელიც წავიდა საავადმყოფოდან და აღარ მუშაობენ აქ, ზოგიერთ მათგანთან მიმართებით შეიძლება, არსებობდეს საჭიროება მათი დაქირავების, ზოგიერთთან შეიძლება, არც არსებობდეს. შევეცდებით, რომ ეს ყველაფერი კოლექტივთან ერთად გავაანალიზოთ და ამის საფუძველზე მივიღო რელევანტური გადაწყვეტილებები", - ამბობს სარჯველაძე.

შეხვედრაზე მედიკოსებმა ასევე "დიარჯის" პროგრამის დანერგვისგან გამოწვეული პრობლემები განიხილეს და ჯანდაცვის მინისტრს მოუწოდეს, რომ დეტალურად გამოიკვლიოს არსებული რისკები, რომლის გამოც ექიმების თქმით, თბილისის ცენტრალური საავადმყოფო კრიტიკულ მდგომარეობაშია.

რეანიმაციული საწოლების სერიოზული დეფიციტი დაიწყო გასული წლის პირველი სექტემბრიდან, როდესაც ამოქმედდა სპეციალური ნებართვები რეანიმაციული განყოფილებების მოწყობის შესახებ. "დიარჯის" პრობლემა არის ის, რომ ეს არის ანაზღაურების სისტემა, რომელიც არის დიაგნოზთან შეჭიდული და დიაგნოზთან დაკავშირებული, ვინაიდან რეანიმაციული პაციენტი არის ძალიან მძიმე, მრავალპროფილური და ეს თანხა არასდროს არ არის საკმარისი", - ამბობს მედიკოსი.