"არ ვიცი საკანში როდის შემომივარდებიან, მიმახრჩობენ და ჩამომკიდებენ, თავი მოიკლაო" - ესებუას სკანდალური წერილი ციხიდან
ბადრი ესებუა ამტკიცებს, რომ ციხეში მასზე ფიზიკურად ძალადობენ. ქვეყნის ნომერ პირველ ტერორისტად გამოცხადებული კაცი საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში წერს, რომ მას არაადამიანურად ეპყრობიან და 13 წლიანი პატიმრობის გატარება ფსიქოლოგიურ ტერორში უწევს. ესებუა ამტკიცებს, რომ ერთ-ერთი ბოლო ინციდენტის დროს, მის საკანში ათამდე მსჯავრდებული შეიჭრა, ძირს დააგდეს და ხელბორკილ დადებულს გამეტებით ურტყამდნენ. ესებუამ წერილი ადვოკატს გაუგზავნა, რომელიც საკუთარი საქმიდან სასამართლო პროცესების მიმდინარეობის დროს თავად ჩახსნა, თუმცა ახლა ის წერს რომ მას ეს აიძულეს.
"მიჩნდება განცდა, რომ რაღაც ცდებს ატარებენ ჩვენზე" - წერს ზუგდიდში საქართველოს ბანკის შეიარაღებული თავდასხისთვის დაკავებული ესებუა.
14 მარტს პენიტენციურ დაწესებულებაში ერთ-ერთმა პატიმარმა მიიყენა თვითდაზიანებები. მიზეზი ყოფილა ის რომ სამკურნალოდ საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვდა, უარი უთხრეს და პროტესტის ნიშნად ყელი გამოიჭრა. რამდენიმე ოატიმარმა სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა დავიწყეთ. ადმინისტრაციამ დაიწყო რეპრესიები და მუქარით გვთხოვდნენ შიმშილობის შეწყვეტას. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში მე პირადად მითხრეს რომ სარდაფში ობიან და ტარაკნებით სავსე კამერაში ან კარცერში გადამიყვანდნენ. მაინც რომ არ დავემორჩილე, 10 კაცამდე შემომივარდა კამერაში, ვიწექი ამ დროს ლოგინზე, მეცნენ გადმომაგდეს გინებით. ძირს დამაგდეს და შემდგნენ ფეხებით. დამადეს ხელბორკილები და არაადამიანური არაპროპორციული ძალის გამოყენებით წამათრიეს დეესკალაციის კამერაში. ამის შემდეგ ყველა ვინც კი შიმშილობდა ზოგი კარცერში გაგზავნეს, ზოგი დეესკალაციის კამერაში ზოგი სხვა ციხეში გადაიყვანეს.
ახლაც ვერ ვხვდები რას გვერჩოდნენ, რატომ მოგვიწყვეს პროვოკაცია და რატომ შეგვყარეს ასე ტყუილად კარცერში. ჩემს გვერდით კამერაში მყოფი მეგობარჯ ამბობს - აკრძალულ ნივთს საგიდევთ თუ არ გაჩერდები და სასჯელს გაგიხანგრძლივებთ, ასე დამემუქრნენო. ეს ინფორმაცია მივაწოდე სახალხო დამცველს და მოვთხოვე კამერების ჩანაწერების დაარქივება თუმცა სამეთვალყურეო სამსახურისგან, სახალხო დამცველს უპასუხეს რომ 14 მარტის 23:00 დან 00:00 საათამდე ტექნიკური ხარვეზის გამო ეს შეუძლებელი იყო.
ამ ამბის მერე მოსვენება დავკარგე, იცი როგორ მებრძვის სისტემა. არ ვიცი საკანში როდის შემომივარდებიან მიმახრჩობენ და ჩამომკიდებენ- თავი მოიკლაო. ვინ რას დაუმტკიცებს მერე ამ მჩაგვრელ მწამებელ სისტემას. კამერაშიც მარტო ვარ 1 წელზე მეტია, მოწმეც არ იარსებებს", - წერია წერილში.
ადვოკატი "პირველებთან" ამბობს, რომ ბადრი ესებუას დაზიანებები აღენიშნება, თუმცა პენიტენციური დაწესებულება ამტკიცებს, რომ პატიმარმა თვითდაზიანებები მიიყენა.
სპეციალური საგამოძიებო უწყება, ფაქტობრივად, არ მუშაობს. მხოლოდ და მხოლოდ, გარკვეული ტიპის კატეგორიის დანაშაულებს იძიებს, სადაც წარმატებულია. რაც შეეხება სამოხელეო დანაშაულებს, სადაც ჩადენილია კონკრეტული დანაშაულები, მაგალითად ადმინისტრაციის დირექტორის, პროკურორის, გამომძიებლის მიერ, ამ კუთხით, ფაქტობრივად, დუმს საგამოძიებო უწყება. დაზიანებები აღენიშნება და ამაზე სახალხო დამცველიც საუბრობს, რომ დაზიანებები აღენიშნებოდა, თუმცა დაზიანებების აღნიშვნაზე ოფიციალური პასუხი აქვს პენიტენციური დაწესებულების დირექციას, რომ თვითდაზიანებები მიიყენა", - ამბობს ალექსანდრე კობაიძე.
ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიარაღებული ბადრი ესებუა შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს.