ზურა ჯაფარიძე გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს - სასამართლოში დაბარებულთა რიცხვი 52-მდე გაიზარდა
ბოლო ორ საათში სასამართლოში დაბარებულთა რიცხვი 52-მდე გაიზარდა - რუსული კანონის მოწინააღმდეგეების ტელეფონებზე ზარები არ წყდება.
დაგროვებული საქმეები ოთხ მოსამართლეს გადაუნაწილეს. საქალაქო სასამართლო ყურადღების ცენტრში ორშაბათიდან მოექცევა.
სამოქალაქო აქტივისტების გარდა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში ზურაბ გირჩი ჯაფარიძეც დაიბარეს. როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი "პირველებთან" ამბობს, მისთვის გაურკვეველია, თუ კონკრეტულად რას ედავებიან.
ჯაფარიძის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მისვლას არ გეგმავს - "ვაპირებ, რომ მხოლოდ სასამართლოში მივიდე და მოსამართლის თვალწინ გამომკითხონ".
გუშინ დამიკავშირდნენ ცენტრალური კრიმინალური პოლიციიდან და მითხრეს, რომ გამოკითხვა უნდათ აქციებთან დაკავშირებით. მოსამართლის უწყება უნდა მომივიდეს ოფიციალურად - მეთქი. რაზეც თავიდან იყოყმანეს, ჩვენ გეძახითო. ავუხსენი, რომ უფლება მაქვს, მარტო მოსამართლის თანდასწრებით გამომკითხოთ - მეთქი. მითხრეს კარგი და დამემშვიდობნენ. ჩვეულებრივი ტერორის გაგრძელება არის. თუ ხარ კრიტიკულად განწყობილი ამ ხელისუფლებისადმი, რუსეთისადმი და რუსებისადმი, ან პოლიცია გატერორებს, ან უბანში გიპადიეზდებენ კრიმინალები და ფიზიკურად გისწორდებიან", - ამბობს ჯაფარიძე.
"პირველების" ინფორმაციით, ადვოკატებს უკვე გადაეცათ მტკიცებულებები, თუმცა უფლებადამცველები ღიად აცხადებენ, რომ ამ მტკიცებულებებით დანაშაული ვერ დამტკიცდება.
არანაირი მტკიცებულება არ დევს. ჩვენ ვნახეთ რამდენიმე საქმე. არის შავ-თეთრი, დაქსეროქსებული ფოტოები, სადაც ადამიანების ჯგუფში დგას კონკრეტული პირი, ოღონდ არც დრო, არც თარიღი არ აწერია და ეს მოაქვთ მტკიცებულებად. ჩვენ გვაქვს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, სადაც არაერთხელ და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ როდესაც ეს ხდება სპონტანურად შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების რეალიზებისთვის, ნებისმიერი ჩვენგანის აქციაში მონაწილეობა არის გარანტირებული. ახლა შინაგან საქმეთა სამინისტრო ცდილობს, რომ კიდევ ახალი მუხლი გამოიყენოს რეპრესიებისთვის," - ამბობს ადვოკატი.