საია თსუ-სთან მომხდარი ძალადობის ფაქტზე პროკურატურას გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს

18.05.24 14:34
საია თსუ-სთან მომხდარი ძალადობის ფაქტზე პროკურატურას გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსთან სტუდენტების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე პროკურატურას გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს.

საია გავრცელებული განცხადებით ასევე თსუ-ს ადმინისტრაციას მიმართავს და მათ სტუდენტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ უბიძგებს.

2024 წლის 18 მაისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ლექციამდე სტუდენტები ელოდებოდნენ, რათა მშვიდობიანად გაეპროტესტებინათ რუსული კანონი. Როგორც საჯაროდ გავრცელებული წყაროები მოწმობს, სტუდენტებს წინასწარ ორგანიზებული ჯგუფები დაუპირისპირდნენ, რომლებმაც მათზე სიტყვიერად და ფიზიკურად იძალადეს.  

ადგილზე მომხდარ დანაშაულზე მანამდე მობილიზებული პოლიციელების რეაგირება უმოქმედობაში, ან, არაჯეროვან მოქმედებაში, ადგილობრივად გაშველებაში შემოიფარგლა, ხოლო, მოძალადე პირთა მიმართ არანაირი სამართლებრივი რეაგირება არ გატარებულა. 

სტუდენტები საუბრობენ, რომ ბოლო დღეებში მათზე და მათი ოჯახის წევრებზეც ხორციელდება სატელეფონო მუქარა, დაშინების მცდელობები, მათ მიერ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის, რუსული კანონის გაპროტესტების გამო, რაც ასევე შემაშფოთებელია.

მოვუწოდებთ Საქართველოს პროკურატურას:

ადგილზე მობილიზებული პოლიციელების მიერ არაჯეროვანი რეაგირების გამო, თავად დაიწყოს გამოძიება და ეფექტიანი რეაგირება მოახდინოს სტუდენტების წინააღმდეგ დისკრიმინაციული ნიშნით განხორციელებულ დევნა / ძალადობაზე.

მოვუწოდებთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციას:

დაიცვას სტუდენტების მშვიდობიანი შეკრების უფლება, მიიღოს ზომები მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში რეაგირება მოახდინოს სტუდენტების უფლებების დარღვევის ფაქტებზე," - წერს საია.