უარს ვაცხადებთ რუსულ "ოცნებასთან" ნებისმიერი სახის დისკუსიაზე - "დაფიონი" კობახიძის ინიციატივაზე
ახალგაზრდული მოძრაობა "დაფიონი" პრემიერმინისტრთან ნებისმიერი სახის დისკუსიაზე უარს აცხადებენ.
მოძრაობაში ამბობენ, რომ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებზე წასვლა სტუდენტური ფიცის ღალატი იქნება.
"ჩვენ უარს ვაცხადებთ "რუსულ ოცნებასთან" ნებისმიერი სახის დისკუსიაზე, ვინაიდან რეპრესიული "რუსული კანონი" უკვე მესამე მოსმენით მიღებულია და სამართლებრივ კორექტირებას აღარ ექვემდებარება. დიპლომატიური მიდგომა თუ ვინმეს სურდა, ამისათვის მინიმუმ წელიწადზე მეტი დრო ჰქონდათ. ჩვენი გუნდიდანაც არაერთხელ ყოფილა მოწოდება დიალოგზე, სანამ აქტიურ სამოქალაქო წინააღმდეგობაში არ გადავედით და სანამ არ დაიწყეს ჩვენი ოჯახების ტერორი.
ახლა ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებზე წასვლა იქნება სტუდენტური ფიცის ღალატი. იმ რეპრესიულ რეალობაში, რაც "რუსულმა ოცნებამ" შეგვიქმნა ყველანაირ მოლაპარაკებაზე საუბარი უბრალოდ ზედმეტია. დისკუსია და მოლაპარაკება შესაძლებელია მხოლოდ თანასწორთა შორის და არა მონასა და ბატონს შორის, ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ვიყოთ რუსეთის მონები და ვიბრძოლებთ სანამ რუსული რეჟიმი საქართველოში არ დამთავრდება", - წერია განცხადებაში.
კობახიძემ გავრცელებულ წერილში განაცხადა: "ვთავაზობ აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს, გამოყონ 10-მდე წარმომადგენელი, რომელთანაც გავმართავ საჯარო დისკუსიას - შეგიძლიათ დისკუსიას დაასწროთ 2-3 არაახალგაზრდაც, რომელსაც თქვენ ავტორიტეტულ ექსპერტად განიხილავთ".