რუსული კანონის მოწინააღმდეგეები "ექსპო ჯორჯიასთან" იკრიბებიან - რა გეგმა აქვთ ახალგაზრდებს

18.05.24 17:15
რუსული კანონის მოწინააღმდეგეები "ექსპო ჯორჯიასთან" იკრიბებიან - რა გეგმა აქვთ ახალგაზრდებს

თბილისი პროტესტის ავანგარდში ექცევა - ამ წუთებში მოქალაქეები "ექსპო ჯორჯიასთან" იკრიბებიან და ზუსტად 18:00 საათზე მსვლელობას დაიწყებენ.

როგორც ევროპული ღირებულებების გარშემო გაერთიანებული ადამიანები "პირველებთან" ამბობენ, წერეთლის გამზირიდან ანტირუსული მარშით აღმაშენებლის გამზირამდე დაიძვრებიან, შემდეგ ზაარბრიუკენის მოედნამდე მივლენ და საბოლოოდ პარლამენტისკენ გაემართებიან.

"ჩვენს ქვეყანას რუსიფიკაციის საფრთხე ემუქრება" - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე და იქვე დასძენს, რომ ახლა დანებების დრო არ არის.

ჩემი აზრით, უფლება არ გვაქვს დაღლის და დაშლის, რადგან დიდი საფრთხე ემუქრება ჩვენს ქვეყანას იმისათვის, რომ არ მოხდეს რუსიფიკაცია, როგორც ეს დღეს ხდება. მაქსიმალურად შევეცდებით, რომ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები შევიკრიბოთ და გავმართოთ სხვადასხვა ტიპის აქციები. რაც შეეხება გეგმას, დღეს შევიკრიბებით გამოფენასთან, შემდეგ გავყვებით წერეთლის გამზირს, იქიდან გადავალთ აღმაშენებლის გამზირზე, მივალთ ზაარბრიუკენის მოედნამდე, რის შემდეგადაც გადავალთ რუსთაველზე. ეს მოსალოდნელი იყო. მგონია, რომ ყველაფერი ისე განვითარდება, როგორც ეს განვითარდა რუსეთში. ამ კანონს ნელ-ნელა სხვადასხვა პუნქტები ჩაემატება, რომელიც შეზღუდავს ჩვენს თავისუფლებას, მათ შორის, მედიის, აქედან გამომდინარე, არ გვაქვს უფლება, რომ გავჩერდეთ და სახლში ვისხდეთ", - ამბობს აქციის მონაწილე.