"ასე მგონია, სამართალდამცველები ჩემს შვილს ურტყამენ იმ ხელკეტს" - გიგა ოთხოზორიას დედა

19.05.24 14:43
"ასე მგონია, სამართალდამცველები ჩემს შვილს ურტყამენ იმ ხელკეტს" - გიგა ოთხოზორიას დედა

გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 8 წელი გავიდა. ხურჩაში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული საქართველოს მოქალაქის საფლავთან დილიდან ოჯახის წევრები და ადგილორბირვი ხელისუფლების წარმომადგენლები არიან შეკრებილი. იხსენებენ რუსული ოკუპაციის მსხვერპლს და იმედი აქვთ, რომ ოდესმე 30 წლის გიგა ოთხოზორიას მკვლელი დაისჯება.  

რაში კანჯი - ოღლიმ საქართველოს  მოქალაქეს  ხურჩა - ნაბაკევის გამშვებ პუნქტთან ორჯერ ესროლა, აქედან ერთი საკონტროლო იყო. შვილის საფლავთან მისული ჯულიეტა ჭანტურია დღეს ანტირუსულ დემონსტრაციებს და ახალგარზდების ცემის ფაქტებს გამოეხმაურა. ოთხოზორიას დედას უკვირს, რატომ ებრძვის სისტემა იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოს რუსეთისთვის დათმობას ეწინააღმდეგებიან.

ჩემი შვილის საფლავთან ვდგავარ და მრცხვენია შვილის სურათს თვალებში ჩავხედო. იმიტომ, რომ რასაც ჩემი შვილი შეეწირა, ისეთი მოქმედებისთვის თბილისში ე.წ სამართალდამცავები გამეტებით ებრძვიან ახალგაზრდებს. ებრძვიან თავიანთი სურვილის გამოხატვის გამო. იმის გამო, რომ არ უნდათ საქართველო რუსებს დაუთმონ. არის ვინმე ისეთი ადამიანი, ვისაც გაუკვირდება, რომ რუსების მიერ მოკლული შვილმკვდარი დედები არ იყვნენ რუსების მეხოტბეები? არა რუსეთს!... ასე მგონია ჩემს შვილს ურტყამენ იმ ხელკეტს და სახეში ასხამენ წიწაკის სპრეის... 8 წლის თავზეც ჩემი შვილის მკვლელი თავისუფლად დასეირნობს. გავა წლები და ალბათ, ისევ იგივე სურათი იქნება," - ამბობს ჯულიეტა ჭანტურია. მის კომენტარს "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.