რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტი არ წყდება - დედაქალაქში დღეს რამდენიმე აქციაა დაანონსებული
რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტი არ წყდება. დღეს მთელი დღე თბილისში აქციებია დაგეგმილი. 12:00 საათზე სტუდენტები თსუ-ში შეიკრიბნენ. მოთხოვნა იგივეა: არ დაძლიოს "ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტის ვეტო და დაბრუნდეს კონსტიტუციის ჩარჩოში. სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით სტუდენტები საგანგებო განცხადებასაც გაკეთებენ.
ყოველ დღე, სანამ ს კანონი განხილვაში იქნება და სანამ იმ 84 დეპუტატს დეპუტატის სტატუსი ექნება საქართველოში, ნახავენ, რომ ყოველ დღე გადაიკეტება ქუჩები და ყოველ დღე ექნებათ დისკომფორტი. ეს არის ტალღა, რომელიც წალეკავს ყველაფერს, იმიტომ, რომ ვიცით, რომ დღეში 3-4 აქცია იგეგმება და არცერთ აქციას არ აკლია სულისკვეთება და ჟინი, - ამბობს აქტივისტი დავით სეხნიაშვილი.
პროტესტის კიდევ ერთი ეპიცენტრი სამედიცინო უნივერსიტეტი იქნება. ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად ქუჩაში გამოდიან სკოლის მოსწავლეებიც. მე-12 კლასელები ბოლო ზარის დღეს თეთრიი პერანგებით მსვლელობას მოაწყობენ.