სტუდენტები თსუ-ს ეზოში ყოველდღე 12:00 საათზე შეიკრიბებიან - რა გეგმა აქვთ ახალგაზრდებს

20.05.24 15:35
 სტუდენტები თსუ-ს ეზოში ყოველდღე 12:00 საათზე შეიკრიბებიან - რა გეგმა აქვთ ახალგაზრდებს

თსუ ისევ პროტესტის ეპიცენტრია. სტუდენტები დღეს სიმბოლურად რექტორის კაბინეტთან მივიდნენ და საპროტესტო ლოზუნგები გააჟღერეს - "არა რუსულ კანონს, კი ევროპას!". აქვე მათ სამოქმედო გეგმაზეც ისაუბრეს და თქვეს, რომ თსუ-ში ყოველდღიურად, დღის 12:00 საათზე შეიკრიბებიან და საკუთარ პროტესტს გამოხატავენ.

ჩვენ ვაგრძელებთ ისევ პროტესტს. ორი მთავარი მოთხოვნა გვაქვს. ეს არის უნივერსიტეტმა დააფიქსიროს რუსულ კანონთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია და მეორე, ყველაზე მთავარი, ჯაბა სამუშიამ გაიწვიოს რექტორთა განცხადებიდან საკუთარი ხელმოწერა. ჩვენ ყოველდღიურად შევიკრიბებით უნივერსიტეტის ეზოში და ყოველდღიურად გავაგონებთ ჩვენს ხმას, - ამბობს სტუდენტი.

ხვალ ზუსტად 12:00 საათზე სტუდენტები თსუ-ს ეზოში ისევ შეიკრიბებიან, მანამდე კი დღეს პროტესტის ეპიცენტრი დედაქალაქის რამდენიმე ლოკაცია იქნება. შეკრებები 18:00 საათზეა დაანონსებული.