იმის გამო დავისაჯე, რომ მე და ჩემი მეგობრები ოკუპაციის ხაზთან ვაწარმოებთ ბრძოლას - ქაცარავა
სპეციალური დანიშნულების რაზმების მიერ სასტიკად ნაცემი დავით ქაცარავა განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების უკან ხელისუფლებას ხედავს - ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი "საჯარო პოლიტიკის" ეთერში აცხადებს, რომ ანგარიშსწორების მსხვერპლი გაცხადებული სამოქალაქო პოზიციის გამო გახდა.
"იმის გამო დავისაჯე, რომ მე და ჩემი მეგობრები ოკუპაციის ხაზთან ვაწარმოებთ ბრძოლას" - ამბობს ქაცარავა და ივანიშვილის გუნდს "რუსულ, მონურ რეჟიმს" უწოდებს.
სამოქალაქო აქტივისტი დასძენს, რომ "ქართულ ოცნებას" საქართველო ოკუპანტი რუსეთისკენ მიჰყავს, ამიტომ ქაცარავა საერთაშორისო პარტნიორებს კონკრეტული ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.
ზუსტად ვიცი, რომ ის ბრძოლა, რომელსაც მე და ჩემი მეგობრები ოკუპაციის ხაზთან ვაწარმოებთ, ამის გამო დავისაჯე. ყველა ხედავს, რომ დღეს ე.წ. "ქართული ოცნება" ყოველ დღე კარგავს ლეგიტიმაცია. მას აღარ შეიძლება ეწოდოს მთავრობა. მათ აღარ აქვთ უფლება, რომ მართონ ეს ქვეყანა, რადგან ისინი არღვევენ კონსტიტუციას, მიათრევენ ქვეყანას რუსეთისკენ, ამყარებენ რუსულ დიქტატურას და ეს დიქტატურა დამყარდება, თუ საზოგადოების დიდი ნაწილი არ დავდგებით და არ შევეწინააღმდეგებით. ჩვენ არ გვაქვს უფლება, უკან დავიხიოთ. უნდა ვიბრძოლოთ და დავამარცხოთ ეს რუსული რეჟიმი. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის მშვიდობიანად, რომ ეს მონური, რუსული ხელისუფლება შევაჩეროთ", - ამბობს ქაცარავა.
ცნობისთვის, დავით ქაცარავამ, რომელსაც სპეცრაზმი პარლამენტის წინ სასტიკად გაუსწორდა, კლინიკა დღეს დატოვა. მისი მდგომარეობა მძიმეა, ამბობს, რომ ტვინის შერყევის მძიმე ფორმა აქვს და ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრისას ყვება, რომ მის გაგუდვას ცდილობდნენ.