"სირცხვილია!" - რუსული კანონის მოწინააღმდეგე ხელოვანები კულტურის სამინისტროსთან მივიდნენ
რუსული კანონის მოწინააღმდეგე სტუდენტები მსვლელობით კონსერვატორიასთან და სამხატვრო აკადემისთან და თეატრალურ უნივერსიტეთან მივიდნენ. დემონსტრანტები არცერთ უნივერსიტეტში არ შეუშვეს, თუმცა აქციისთვის ამას ხელი არ შეუშლია.
სამხატვრო აკადემიასთანაც ვიყავით, იქ დაცვა მაინც გამოუშვეს სალაპარაკოდ, კარები ღია იყო და აქ კიდევ ყველა კარი ჩაგვიკეტეს. ერთადერთი, თანამშრომლებმა გაგვიღეს ფანჯარა, რომ ეს მაინც იყოს ღიაო. თვითონ რექტორები დაშინებულები არიან და ვერ ბედავენ, რომ კარი გააღონ და შეგვიშვან, - ამბობს აქციის მონაწილე.
კარი სტუდენტებს მხოლოდ თეატრალურ უნივერსიტეტში გაუხსნეს. შენობის ფანჯრებიდან სტუდენტებმა ევროკავშირის და საქართველოს დროშები გადმოფინეს.
მსვლელობის მონაწილეები ამ წუთებში კულტურის სამინისტროსთან იმყოფებიან. თეა წულუკიანის სამსახურს საპატრულო პოლიციის თანამშროლები იცავენ. ახალგაზრდები სკანდირებდნენ "არა რუსულ კანონს!" და "სირცხვილია!". ახალგაზრდებმა ადგილზე ევროკავშირის ჰიმნიც შეასრულეს.
ჩვენ აქ მოვედით, რადგან ჩვენ ვართ სახელოვნებო უნივერსიტეტის წარმომადგენლები. დღეს აქ შევიკრიბეთ სამი უნივერსიტეტის სტუდენტები და ჩვენი მთავარი სათქმელი არის ის, რომ ეს კანონი არ არის ჰუმანური და რა თქმა უნდა, ჩვენ ვიბრძვით ჩვენი სიტყვის თავისუფლებისთვის, - ამბობს მსვლელობის მონაწილე.
ზუსტად 15:00 საატზე ახალაგზრდები საკანონმდებლო ორგანოსთან გადაინაცვლებენ, სადაც მორიგი აქციაა დაანონსებული.