აქტივისტების წინააღმდეგ რეპრესიები გრძელდება - სასამართლოში ამ წუთებში გიორგი დუმბაძის პროცესი იმართება
ოლიგაქრის რეჟიმმა რუსული მეთოდებით რეპრესიები დაიწყო. ასამართლებენ ყველას, ვინც რუსულ კანონს აპროტესტებს. ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში გიორგი დუმბაძის პროცესი იმართება. აქტივისტს, რომელიც პოლიციამ ინტერვიუს დროს ტელეკამერების წინ დააკავა, სცემა და 48 საათი იზოლატორში გამოკეტა, გომელაურის უწყება წვრილმან ხულიგნობას და ასევე 24 აპრილს გზის გადაკეტვას ედავება.
პარალელურად, დუმბაძე მოწმეთა სიაშია იმ აბსურდული გამოძიების ფარგლებშიც, რომელსაც ცენტრალური კრიმინალური პოლიცია იძიებს და რომლის რელური მიზანიც აქციის მონაწილეების დაშინებაა.
დღავენდელ პროცესზე გომელაურის უწყებიდან მოწმე წარმოდგენილი არ იქნება. პროცესზე მხოლოდ ის ფოტომასალა იქნება წარმოდგენილი, რომელიც შსს-მ აქტივისტის წინააღმდეგ გადააგზავნა.
დამირეკეს, არ მითხრეს რატომ, როდის, რა მუხლით იყო საქმე აღძრული, რა სამართალდარღვევაზე იყო საუბარი და მოკლედ, ვერ გავიგეთ ვერაფერი, სანამ სასამართლოში არ მოვედით მე და ჩემი ადვოკატი. დღეს ჩვენ ვეცდებით, რომ მაქსიმალურად ყველა მტკიცებულება წარვუდგინოთ სასამართლოს, რაც გავქვს და რაც მართლა არსებობს. ჩვენ გვაქვს ვიდეოები, სურათები, მოწმეები და ა.შ., თუმცა სამართლიანი სასამართლოსი, როგორც ერთგვარი ზღაპრის, აღარ გვჯერა და მაინც ცოტა პესიმისტურად ვართ განწყობილი, - თქვა დუმბაძემ პროცესის დაწყებამდე.
შსს-ს მხრიდან მტკიცებულებების არ არსებობაზე საუბრობს ადვოკატიც.
მხოლოდ არის ფოტოსურათი, რომ ეს ადამიანი აქციაზე იყო. არავინ უარყოფს, რომ გიორგი აქციაზე იყო იმ ათი ათას ადამიანთან ერთად, რომლებმაც ერთად გადაკეტეს გზა, მაგრამ დღეს აირჩიეს გიორგი, რადგან მასზე უნდათ, განახორციელონ პოლიტიკური ზეწოლა და შსს-ს არ გააჩნია არავითარი მტკიცებულება. დღეს სასამართლოშიც ვნახავთ, რომ შსს ვერ წარმოადგენს ვერცერთ მტკიცებულებას და როგორს სხვა შემთხვევებში მიიღო სასამართლომ პოლიტიკური გადაწყვეტილება, დღესაც მიიღებს პოლიტიკური გადაწყვეტილებას, - ამბობს ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე.
დღესვე გიორგი დუმბაძის გარდა სასამართლო პროცესი აქვთ სხვა აქტივისტებსაც. ყველა მათგანი სეცრაზმელების მხრიდან სასტიკ ანგარიშსწორებაზე საუბრობს.