ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას გააუქმონ რუსული კანონი

22.05.24 19:19
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას გააუქმონ რუსული კანონი

რუსული კანონის შესახებ  შესახებ ვენეციის კომისიის მწვავე შეფასების გამოქვეყნების შემდეგ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმა საქართველოს საკითხებში კლოდ კერნმა (საფრანგეთი, ALDE) და ედიტ ესტრელა (პორტუგალია, SOC) მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას გააუქმოს კანონი. 

"ჩვენ ქართველმა კოლეგებმა გვთხოვეს ავტორიტეტული სამართლებრივი არგუმენტები "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონთან დაკავშირებით. ეს არგუმენტები ახლა ვენეციის კომისიის ცალსახა დასკვნაშია მოყვანილი. ამიტომ, მმართველ გუნდს მოვუწოდებთ, არ დაძლიონ პრეზიდენტის ვეტო და გააუქმონ ეს კანონი, როგორც ეს ვენეციის კომისიის რეკომენდაციითაა გათვალისწინებული", - ნათქვამია განცხადებაში. 

თანამომხსენებლები მიუთითებენ ვენეციის კომისიის დასკვნის იმ ნაწილზე, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს უკვე აქვს ყოვლისმომცველი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დაფინანსებასა და გამჭვირვალობას არეგულირებს. თანამომხსენებელთა აზრით, ხელისუფლებას შეუძლია, ევროპის საბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, ფოკუსირება არსებული ბაზის გაძლიერებაზე მოახდინოს, თუ ამის ობიექტური საჭიროება არსებობს. 

"ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ დიალოგი საქართველოს ხელისუფლებასთან და საზოგადოებასთან ამ  თემაზე საქართველოსთან მიმდინარე მონიტორინგის პროცედურის ფარგლებში", - ამბობენ ისინი. 

თანამომხსენებელთა თქმით, ასამბლეა 2024 წლის 24 მაისს ვილნიუსში მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე საქართველოში დემოკრატიის გამოწვევების შესახებ დებატებს გამართავს. 

მსგავსი სიახლეები