ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის გარეთ ტერიტორია დამეწყრილია - ფოტოები და ვიდეო ადგილიდან
უწყვეტი წვიმის გამო ჩარგალში ვაჟას სახლ-მუზეუმის ხიდი და მისი მიმდებარე მიწა დაძრულია - ინფორმაცია და ფოტოები ვაჟა-ფშაველას ფონდის ხელმძღვანელმა, ლელა რაზიკაშვილმა გაავრცელა.
"ავტობუსის მოსაცდელი წყალმა წაიღო, ტრანსფორმატორი... მუზეუმთან მისვლა საშიშია“, - წერს ლელა რაზიკაშვილი.
"ეს მდგომარეობაა ჩარგალში, ვაჟას სახლ-მუზეუმში...
დაძრულია მუზეუმის ხიდი, ხიდის მიმდებარე მიწა. ავტობუსის მოსაცდელი წყალმა წაიღო, ტრანსფორმატორი და ის მწვანე პატარა ჯიხურიც. მუზეუმთან მისვლა საშიშია...
ასეთი რამ მე არ მახსოვს, არ ახსოვთ ჩემზე უფროსებსაც! ღმერთო უშველე ჩემს პატარა სამოთხეს და ჩემს ქვეყანას მთლიანად! - წერს ლელა რაზიკაშვილი სოციალურ ქსელში.
რაზიკაშვილი "რადიო თავისუფლებასთან" ამბობს, რომ ჩარგალში თვეზე მეტი ხნის განმავლობაში წვიმდა, რამაც მდინარეების ადიდება გამოიწვია.
"40 წელზე მეტია, დამბები არის მუზეუმის გარშემო, რომელშიც მდინარე არის მოქცეული. კარგად იყო გაკეთებული, მაგრამ, ეტყობა, გამოირეცხა წლების განმავლობაში. ახლა კი ამ წვიმებმა მიწა დაძრა, რასაც ხიდის საყრდენი ბოძი ეყრდნობოდა. ნაპრალი რაც იყო, დიდდება თანდათან. [...] იმ მხარეს, სადაც ამფითეატრი და საგამოფენო დარბაზებია, პრობლემა არ არის, გაღმა მხარე კი დაზიანდა. საქმე ის არის, რომ საბოლოო სახე ჯერ არ ვიცით, ნელ-ნელა მოდის, დაძრული მიწის გამაგრებას აზრი არ აქვს. სპეციალისტებმა იციან. წუხელ ისევ წვიმდა. ამინდი, როდესაც გამოსწორდება და როდესაც წყლის დონე დაიკლებს, საბოლოო სახეს მივიღებთ, იმის მიხედვით შედგება გეგმა, მუზეუმი პარალიზებული რომ არ იყოს", - ამბობს ის.