თავდასხმა ენმ-ს ოფისზე - შსს ამ დრომდე არავინ დაუკავებია
სრული დუმილი შინაგან საქმეთა სამინისტროში - გომელაურის უწყება ამ დრომდე ვერ ამბობს, არის თუ არა ნაც მოძრაობის ოფისზე თავდამსხმელი ბანდის, მინიმუმ, ერთი წევრი მაინც იდენტიფიცირებული. ოპოზიციური პარტიის ძალადობრივი დარბევიდან უკვე 36 საათი გადის, თუმცა დასჯილი ისევ არავინაა. გვიან ღამემდე პარტიის ოფისში საგამოძიებო მოქმედებები მიდიოდა. ექსპერტ კრიმინალისტებმა ამოიღეს ხის შუბები, რკინის ჯოხები და ქვებიც, რომლითაც მოძალადე ნიღბიანებმა პარტიის ოფისზე იერიში მიიტანეს, თუმცა ადვოკატების თქმით, არ ამოუღიათ კამერების ჩანაწერები, სადაც დანაშაულია ასახული. ნიღბიანი ბანდის წევრებს კი არა თუ სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულებს, არამედ ისევ მხოლოდ სხვისი ნივთის დაზიანებას ედავებიან.
ენმ-ს წევრი ლაშა ფარულავა პირდაპირ ამბობს, რომ პარტიის ოფისზე თავდასხმა სწორედ ხელისუფლების დაორგანიზებულია, ამიტომ ისინი ობიექტურ გამოძიებას არ აწარმოებენ.
33 საათი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენს ოფისზე განხორციელდა ბანდიტური თავდასხმა ივანიშვილის პარტიამ ჩამოაყალიბა ბანდიტური შეიარაღებული დაჯგუფება შუბებით, ქვებით, რკინის ნაჭრებით შეიარაღებული, რომელიც დათარეშობს თბილისის ქუჩებში და პირდაპირ თავს ესხმის დემოკრატიულ ძალებს, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობას“ და ამ წუთისთვის არც არავინ დაუკითხავთ, არც არავინ დაუკავებიათ. რატომ? იმიტომ, რომ თავის თავს ხომ არ დადიჭერენ? ერთადერთი გამოსავალია ამ რუსული პარტიის დამარცხება და ქართველი ხალხის გამარჯვება, - ამბობს ლაშა ფარულავა.