ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღება - თურქეთის მოქალაქეს ბრალი წარედგინა
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და გასაღების ფაქტები - საქართველოს პროკურატურამ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს: 269.702 გრ. „ჰეროინს’’, 0.1832 გრ. „ბუპრენორფინს’’, 3.64 გრ. „მეთადონს’’ (მარილი), 23.776 გრ. „მორფინს’’ (ფუძე), 39.986 გრ. „კოდეინს’’ (ფუძე) და 34.032 გრ. „თებაინს’’, საიდანაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 7,156 გრ. „ჰეროინი’’, დიდი ოდენობით - 0,02 გრ. „ბუპრენორფინი’’ და 0,6 გრ. „მეთადონი’’ 2024 წლის 30 მაისს, უკანონოდ გაასაღა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს ბათუმში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა“, მეხუთე ნაწილის ,,ა“ და მეშვიდე ნაწილის ‘’ა’’ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა - შენახვა და დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 14-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. " ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.