ჩინეთში, გემზე მომხდარ აფეთქებას 34 წლის გიორგი წილოსანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ოჯახი დამნაშავის დასჯას ითხოვს
შემზარავი კადრები ჩინეთიდან - დალიანში სარემონტო სამუშაოების დროს პალაუს დროშის ქვეშ მცურავ გემზე (Tanker ELIAK) აფეთქება მოხდა, რასაც საქართველოს მოქალაქის, 34 წლის გიორგი წილოსანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
შემთხვევა 25 აპრილს მოხდა. კადრები, რომელიც tvpirveli.ge-მ მოიპოვა უმძიმესი სანახავია, კადრში კარგად ჩანს ცეცხლის ალში გახვეული კაცი, რომელიც გადარჩენას ცდილობს.
გიორგი წილოსანის ძმა, აკაკი წილოსანი tv pirveli.ge-სთან ამბობს, რომ ახალგაზრდა კაცის გადარჩენა შეიძლებოდა, თუმცა ადგილზე უსაფრთხოების ნორმები დაცული არ იყო, ამიტომ ცეცხლმოკიდებული გიორგი იძულებული გახდა, გემიდან გადამხდარიყო, რა დროსაც ტერმინალს მხარეს, თავი რკინის კონსტრუქციას დაარტყა, საბოლოოდ კი ზღვაში გადავარდა.
აკაკი წილოსანი აცხადებს, რომ მისი ძმა ზღვაში დაიხრჩო, tvpirveli.ge-ს რესპონდენტი ჰყვება, რომ მისი გადარჩენა შესაძლებელი იქნებოდა, ადგილზე მყოფ უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს რომ დროულად ემოქმედათ.
გარდაცვლის ოჯახი პასუხისმგებელი პირების დასჯას და მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს.
აკაკი წილოსანის თქმით, მათ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსაც მიმართეს, თუმცა უწყება მხოლოდ გადმოსვენების საკითხის მოგვარებას დაჰპირდა.
მისი თქმით, დარჩიაშვილის უწყებას, ჩინური მხარისთვის გამოძიების დაწყების მოთხოვნის შუამდგომლობით 6 მაისიდან დღემდე 3 ჯერ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.
აკაკი წილოსანი აცხადებს, რომ გემმა ჩინეთის ტერიტორია უკვე დატოვა.
34 წლის ბიჭის ძმა ჩინეთში, შემთხვევის ადგილზეც იმყოფებოდა, თუმცა როგორც თავად ამბობს, ოფიციალური პასუხი არ მიუღია, უთხრეს, რომ საქმე უბედურ შემთხვევასთან ჰქონდათ.
ირკვევა, რომ გიორგი წილოსანთან ერთად ჩინეთის ორი მოქალაქეც დაშავდა, ისინი მრავლობითი დამწვრობით კლინიკაში გადაიყვანეს, მათი გადარჩენა მოხერხდა.