"ვიდეო დაჭრა ქალბატონმა წილოსანმა, თითქოს წრეები ვურტყი ტერიტორიას" - დათა კუპრავა გამოიკითხა

05.06.24 15:43
"ვიდეო დაჭრა ქალბატონმა წილოსანმა, თითქოს წრეები ვურტყი ტერიტორიას" - დათა კუპრავა გამოიკითხა

დეპუატატ ნინო წილოსანისთვის სულიერი ტკივილის მიყენების საქმეზე დათა კუპრავა გამოკითხვაზე  დაიბარეს. მოქალაქემ, რომელმაც რუსული კანონის მხადამჭერ "ოცნების" დეპუტატს "მონა და მოღალატე" დაუძახა, გამომძიებლების კითხვებს მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე უპასუხა.

საქმეზე გამოძიება ადევნების მუხლით არის დაწყებული, თუმცა თავად კუპრავა ამბობს, რომ არავის ადევნებია და ნინო წილოსანი ქუჩაში შემთხვევით დაინახა.

არ ყოფილა ჩემი მხრიდან მსგავსი ტიპის ქმედება, რომ ვინმეს ჩაუსაფრდი ან ვიძალადე. მეუღლეს მივაკითხე სამსახურში, რამდენიმე საათი გავჩერდი, რასაც ასახავს შიდა სამეთვალყურეო კამერები, რომ მე საერთოდ არ გამოვდივარ ობიექტიდან, საერთო არ ვიცი გარეთ ბიძინა ივანიშვილის აძლევს ინტერვიუს თუ ნინო წილოსანი. გამოვდივარ, ვხვდები, მივდივარ ჩემი მანქანით, ვუსიგნალებ, ვეძახი, რომ არის „მოღალატე“, ვტრიალდები, მივდივარ სახლის მიმართულებით. ეს ვიდეო დაჭრა ქალბატონმა ნინო წილოსანმა. ჯერ მოატრიალებამდე გადაიღო სხვა მიმართულებით რომ მივდივარ, მერე მეორე მიმართულებით დადო, თითქოს მე მოვტრიალდი, წრეები ვურტყი იმ ტერიტორიას, - ამბობს კუპრავა. 

ადვოკატი ამბობს, რომ კუპრავამ ყველა კითხვას ამომწურავი და დამაჯერებელი პასუხი გასცა და ამის გარდა, არსებობს მტკიცებულებებიც, რომელიც მის უდანაშაულობას ცხადყოფს. ინტერესების დამცველის თქმით, კუპრავას ადევნების მუხლით გასამართლება სამართლებრივი ნონსენსია. 

გამომძიებლებს ჰქონდათ გარკვეული შეკითხვები დათა კუპრავასთან. დათა კუპრავამ ყველა შეკითხვას გასცა დამაჯერებელი და სრულყოფილი პასუხები. ასევე, ჩვენ მოვითხოვეთ კამერების ამოღება, სხვადასხვა უტყუარი მტკიცებულებების მოპოვება, რომლითაც დადასტურდება, რომ ყველა სიტყვა, რაც ადტა კუპრავამ განაცხადა, არის სრული ჭეშმარიტება. გამოძიება დაწყებულია ადევნების მუხლით, რაც არის სამრთლებრივი ნონსენსი და წარმოუდგენელია ამ მუხლით უდანაშაულო ადამიანისთვის ბრალის წარდგენა, - ამბობს ტარიელ კაკაბაძე. 

ცნობისთვის, წილოსანმა კუპრავას შინაგან საქმეთა სამინისტროში მას შემდეგ უჩივლა, რაც ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთების დროს მოქალაქემ მას მანქანიდან მოღალატე დაუძახა. წილოსანი ამტკიცებს, რომ ადგილი აქვს "ადევნებას".

ამის გარდა, საქალაქო სასამართლოში რუსული კანონის მოწინააღმეგე აქტივისტების პროცესები გრძელდება. მათ ერთი-მეორეს მიყოლებით ჯარიმებს უწერენ.

მსგავსი სიახლეები