სასამართლო პროცესების სერია გრძელდება - 4 აქტივისტის საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადების პროცესი გადაიდო
რუსული კანონის მოწინააღმდეგეების სასამართლო პროცესი 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა - მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 მოქალაქის საქმეს განიხილავდა.
ოთხი აქტივისტიდან ერთ-ერთი მუსიკალური ჯგუფი "ქვემეხის" წევრია, რომელსაც გმირთა მოედანზე გზის გადაკეტვას ედავებიან.
სასამართლომ ათამდე პატრულ-ინსპექტორის ჩვენება მოისმინა, რომლებიც ერთიმეორის მიყოლებით ამტკიცებდნენ, რომ ევროპული ღირებულებების გარშემო გაერთიანებულმა ადამიანებმა აქციაზე გზა უკანონოდ გადაკეტეს.
მოსამართლეს დღეს არცერთი ვიდეოკადრი არ უნახავს, რომელზეც კანონდარღვევის ფაქტები იქნებოდა ასახული, ამიტომ 4 აქტივისტის საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადების პროცესი გადაიდო.
რაც შეეხებათ თავად აქტივისტებს, რუსული კანონის მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ პროცესები, რომლებიც უკვე მესამე კვირაა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს, მათ გაჩუმებას და შეშინებას ემსახურება.
ბევრი ხალხი ვიყავით, ტროტუარზე ვეღარ ვეტეოდით და დავიწყეთ გზაზე გადასვლა. პოლიციის კორდონი წამოვიდა ჩვენკენ და დაიწყეს ჩვენი შევიწროება ტროტუარისკენ, რაზეც დავემორჩილეთ და არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა. როცა მივდიოდი, შეტრიალებული ვიყავი ზურგით და მაგ დროს ჩამავლო მემანიშვილმა და წამიყვანა. ეს პოლიციელები ამბობდნენ, რომ იქ იყვნენ, მაგრამ ჩემს საქმეზე მოწმე ვინც იყო წარმოდგენილი სასამართლოში, აქციაზე არცერთი არ მდგარა. მე მგონია, რომ არცერთი არ ვართ დამნაშავე იმაში, რაშიც გვედავებიან. ძალიან რთული იქნება მოსამართლისთვისაც გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა", - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
აქტივისტების უფლებადამცველები კი "პირველებთან" აცხადებენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი მოწმეები არ შეესაბამებიან იმ ადამიანებს, რომლებმაც ანტიევროპული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე მოქალაქეები დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ წარმოადგინა მოწმეები, რომლებიც საერთოდ არ შეხვედრიან ამ ადამიანებს მანამ, სანამ მანქანებში არ მოთავსდნენ ეს ადამიანები. თავად შსს-ს მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებში ჩანს, რომ ამ ადამიანებს აკავებენ საერთოდ სხვები, შავი ნიღბით შემოსილები, ვიზუალურად სხვა აღნაგობის, სხვა ასაკის ადამიანები. ასევე ერთ-ერთ ვიდეოკადრში ჩანს საპატრულო პოლიციის ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელიც კადრებში დამკავებლად წარმოგვიდგინა შსს-მ, თუმცა მოწმედ სხვა პირები მოგვიყვანა. ეს ადამიანები იყვნენ უბრალოდ აქტის შემდეგი პირები, რომელთაც სავარაუდოდ, მესიჯად მიუვიდათ, თუ რა უნდა ჩაეწერათ ამ აქტში", - ამბობს ადვოკატი.
ასევე დღეს გადაიდო დამატებით კიდევ ოთხი მოქალაქის პროცესი, რომელსაც მოსამართლე ცაცუა განიხილავდა.