მოტყუებით დაეუფლნენ 704 714 ლარს - რვა ბიზნესმენი ბიუჯეტის ფულის მითვისებაშია მხილებული

06.06.24 10:20
მოტყუებით დაეუფლნენ 704 714 ლარს - რვა ბიზნესმენი ბიუჯეტის ფულის მითვისებაშია მხილებული

რვა ბიზნესმენი ბიუჯეტის ფულის მითვისებაშია მხილებული - თაღლითობაში ეჭვმიტანილმა პირებმა დოკუმენტური მანიპულაციებით ერთ მილიონამდე ლარის დაუფლება შეძლეს.

ირკვევა, რომ კომპანიების ხელმძღვანელ პირებს დეკლარაციებში ფიქტიური მონაცემები შეჰყავდათ და კომპანიას ყალბ დღგ-ს აქტივებს უქმნიდნენ.

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში სავარაუდო დამნაშავეებს ცხრა წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო რვა პირის მიმართ.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2021-2023 წლებში, ბრალდებულების მიერ, მათ მფლობელობაში არსებული კომპანიების სახელით, შემოსავლების სამსახურში წარდგენილ იქნა დღგ-ს ყოველთვიური დეკლარაციები, რომლებშიც შეტანილ იქნა ფიქტიური მონაცემები რეალიზებულ საქონელთან მიმართებაში, რა გზითაც კომპანიებს შეუქმნეს დღგ-ს ყალბი აქტივი.

დადგენილია, რომ აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, ბრალდებულები მოტყუებით დაეუფლნენ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ, ჯამში 704 714 ლარს.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით. 

ტარდება შესაბამისი ღონისძიებები სახელმწიფო ბიუჯეტზე მიყენებული ზიანის ანაზღაურებისა და აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებაში შემჩნეული პირების მხილების მიზნით". - ვკითხულობთ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები