სისხლიანი ანგარიშსწორება ვარკეთილში - 2 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული ამტკიცებს, რომ თავს იცავდა
ორი ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული კაცი ამტკიცებს, რომ ის თავს იცავდა. დაკავებული მამაკაცის ადვოკატი ამტკიცებს, რომ მის დაცვის ქვეშ მყოფი აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა, რადგან ბრალდებულის ვერსიით, მოკლული მამაკაცები მას სახლში მიუვარდნენ და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.
"პირველებმა" ასევე კიდევ ერთი დეტალი გაარკვია. მეზობლებს შორის კონფლიქტი სათვალთვალო კამერების გამოც არსებობდა, რომელიც დაკავებულს სახლთან ჰქონდა დამონტაჟებული. ირკვევა, რომ კამერები, მოკლული ბაჩო ბაშარულის საცხოვრებელს უყურებდა პირდაპირ, რაც სასტიკი ანგარიშსწორების მსხვერპლს აღიზიანებდა.
ბრალდება წარედგინა 109-ე მუხლით, რაც აბსურდულია, რადგან ყველა ადამიანს აქვს უფლება, რომ იცავდეს საკუთარ თავს და საკუთარ ოჯახს. მკვლელობა მოხდა მის სახლში. სცემეს, აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას და თავდაცვის მიზნით გამოიტანა შენახული სანადირო იარაღი რომელსაც ართმევდნენ და მოხდა გასროლა. მას არავის მოკვლის სურვილი არ ჰქონია და არავის სახლში ვინმეს მოსაკლავად არ მისულა. გასროლა რამდენიმე იყო. იარაღი არის გაფორმებული სანადირო თოფი, რომლის შენახვის და ტარების უფლება ჰქონდა. მას არავისთვის იმის საფუძველი არ მიუცია, რომ ღამის საათებში, მძინარე ოჯახთან მივარდნილიყვნენ და შეურაცხყოფა მიეყენებინათ. ჩანაწერი ამოღებულია, ჯერჯერობით გახსნილი არ არის", - ამბობს ადვოკატი.
ვარკეთილში მომხდარი სასტიკი დანაშაულის მთავარ ფიგურანტს ბრალი ოფიციალურად წარედგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 5 ივნისს, თბილისში, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების დროს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით ორ პირს სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად დაზარალებულები ადგილზე გარდაიცვალნენ.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტებით (ორი პირის განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.