დევდორაკის ხეობაში სამუშაოები გრძელდება - ტრაილერის მძღოლები ადგილზე ჩარჩნენ
დევდორაკის ხეობაში გეოლოგები ამ დრომდე აგრძელებენ მუშაობას - პირველადი დათვალიერებით დადგინდა, რომ ადგილი ჰქონდა მყინვარში შეგუბებებს და დაგროვილი წყლების გამოხეთქვას.
მდინარის კალაპოტში წყლის დონემ 4.5 მეტრით მოიმატა და დასაშვებ ზღვარს 2.5 მეტრით გადააჭარბა. ამ ეტაპზე ხეობის ვიზუალური დათვალიერებით მეწყრული პროცესები არ შეინიშნება.
მიუხედავად იმისა, რომ დევდორაკის ხეობაში საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა, ტრაილერები ამ დრომდე ვერ ახერხებენ საზღვარზე გადასვლას.
მძღოლები "პირველებთან" ამბობენ, რომ დაახლოებით, 8-9 საათიდან გააჩერეს და მათთვის არავის დაუკონკრეტებია დრო, თუ როდის შეძლებენ მოძრაობის გაგრძელებას.
დილის მერე ვდგავართ აქ და არ გვიშვებენ. წყლის დონემ აიწიაო და ამის გამო დაკეტეს მოძრაობა. დაახლოებით, დილის 10-ზე გამაჩერეს. არაფერს არ გვეუბნებიან, თუ როდის გაიხსნება მოძრაობა", - ამბობს ტრაილერის მძღოლი.