2024 წელს უფრო მეტად იყენებდნენ ფიზიკურ ძალას აქციებზე დაკავებულების მიმართ, ვიდრე 2023-ში - ომბუდსმენი
"2024 წელს უფრო მეტად იყენებდნენ ფიზიკურ ძალას აქციებზე დაკავებულების მიმართ, ვიდრე 2023-ში" - პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველს უსმენენ.
ლევან იოსელიანი დეპუტატების წინაშე „2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ ანგარიშს წარადგენს.
მართალია, დოკუმენტი გასულ წელს ეხება, თუმცა ლევან იოსელიანი მოხსენებაში შეეხო 2024 წელს ე.წ. აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეთა დაკავებასა და მათზე ფიზიკურ ძალადობას.
მან ისაუბრა რუსულ კანონზეც და თქვა, რომ აპარატმა არაერთხელ დააფიქსირა პოზიცია, რომ ამ ფრომით კანონი ძალაში არ უნდა შესულიყო.
რა თქმა უნდა, შევეხე ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს, მათ შორის, დაკავებებს, ადმინისტრაციული წესით დაკავებებს, ცემის ფაქტებს. შევადარე გასულ წელს, როდესაც მე პირადად შევდიოდი იზოლატორში და ბევრად ნაკლები ადამიანი მიუთითებდა ცემის შესახებ და წელს ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი. მაგალითად ადმინისტრაციული წესით დაკავებების თვალსაზრისით ადამიანების მიმართ მოპყრობა გაუარესდა და ამაზე ცალსახად მიანიშნებს ის სტატისტიკა, რომელიც ჩემი თვალით მაქვს ნანახი. არცერთი ადამიანი არ არის პასუხისგებაში მიცემული, ვისზეც გამოძიება მიმდინარეობს", - ამბობს იოსელიანი.
ანგარიშში მოხვდა მედიის საკითხიც, ომბუდსმენის თქმით, ჟურნალისტების საქმიანობაში შეფერხების საკითხზე მსჯელობისას უნდა აღინიშნოს პარლამენტში 2023 წელს ამოქმედებული სპეციალური წესები, რომელიც აპარატის მიერ ნაწილობრივ პრობლემურად შეფასდა. იოსელიანი ამბობს, რომ ამ წესის საფუძველზე 2023-24 წლებში მედიის ნაწილს არაერთ შემთხვევაში შეეზღუდა პარლამენტში შესაბამისი წარმომადგენლით მოვლენების გაშუქება და მნიშვნელოვანი სირთულეები შეექმნათ პროცესში.
"როგორც წესი, ცალკეული პოლიტიკოსები, მათ შორის პარლამენტის წევრები, არ სტუმრობენ კონკრეტულ მედიასაშუალებებს, რომელთა სარედაქციო პოლიტიკასაც არ ეთანხმებიან, ამის გამო ჟურნალისტებს ხსენებული პირებისთვის სასურველი შეკითხვების დასმისა და მიღებული ინფორმაციის აუდიტორიისთვის მიწოდების შესაძლებლობა, გარკვეულ შემთხვევებში, მხოლოდ პარლამენტის ტერიტორიაზე ეძლევათ", - თქვა იოსელიანმა.