"ფორმულას" ფოტოგრაფზე ძალადობის ბრალდებით 2 პირს პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ "ფორმულას" ფოტოგრაფ ვახო ქარელის მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის და ძალადობის ფაქტებზე ბრალდებულ ორ პირს - გენო მეგრელიშვილის და გიორგი ხეჩუაშვილს, პატიმრობა შეუფარდა.
მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. შემდეგი სასამართლო პროცესი 2 სეექტემბერს, 14:00 საათზე ჩაინიშნა.
შსს-ს განცხადებით, 5 ივლისს, თბილისი პრაიდის საწინააღმდეგოდ გამართული აქციის დროს, ბრალდებულები მათთან ერთად მყოფი პირები ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის მიზნითა და შეუწყნარებლობის მოტივით თავს დაესხნენ ტელეკომპანია ფორმულას ფოტოგრაფს.
დაკავებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.