საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

02.08.21 10:37
საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ერთი პირი დააკავა. ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, მოტყუებით დაირეგისტრირა საკარმიდამო/საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად თითქოსდა ფიზიკური პირების სარგებლობაში არსებული, მცხეთის მუნიციპალიტეტში მდებარე, სახელმწიფოს კუთვნილი ექვსი მიწის ნაკვეთი, საერთო ფართობით 28 800 მ2. საქმეზე დანიშნული სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება შეადგენს 2 919 977 ლარს.

გამოძიების პროცესში დაყადაღებულ იქნა, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული მიწის ნაკვეთები", - აცხადებენ უწყებაში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.