აშშ-მ საქართველო წითელ ზონაში გადაიყვანა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველო წითელ ზონაში გადაიყვანა - სახელმწიფო დეპრტამენტი ამერიკის მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ არ იმოგზაურონ საქართველოში. ამის მიზეზი საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების ზრდაა, რის გამოც ქვეყანას ოფიციალურად საფრთხის მეოთხე კატეგორია მიენიჭა.
დეპარტამენტი მოქალაქეებს კორონავირუსის საფრთხის გარდა ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენურ მდგომარებაზეც მიუთითებს. ანგარიშში ასევე მოხვდა 5 ივლისის დემონსტრაციები, რის გამოც აშშ საქართველოში მოგზაურობის მსურველებს აფრთხილებს.
გამაფრთხილებელ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქვეყნის მასშტაბით გარკვეულ არეალებში არსებობს ფართოდ გავრცელებული ან ორგანიზებული კრიმინალი, რომლის წინააღმდეგ სამართალდამცავებს შეიძლება რეაგირების შეზღუდული შესაძლებლობა ჰქონდეთ. ასევე ხაზგასმულია სამოქალაქო არეულობის რისკებზე.
"პოლიტიკურმა, ეკონომიკურმა, რელიგიურმა და/ან ეთნიკურმა არასტაბილურობამ შეიძლება გამოიწვიოს ძალადობა, სერიოზული შეფერხებები და/ან უსაფრთხოების რისკები", - წერია განცხადებაში.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე მოუწოდებს მოქალაქეებს არ იმოგზაურონ რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში.
არ იმოგზაუროთ რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთის რეგიონებში გაზრდილი კრიმინალის რისკის გამო", - წერია დეპარტამენტის გაფრთხილებაში.
საშიშ რეგიონებს შორის ასევე მოხვდა პანკისის ხეობა. ამერიკის ხელისუფლება მოქალაქებს მოუწოდებს, არ იმოგზაურონ პანკისის რეგიონში გაზრდილი საფრთხის გამო. აშშ ხაზს უსვამს ხეობაში ტერორიზმის საშიშროებას და იმ ფაქტს, რომ ISIS-ის ზოგიერთი ცნობილი მებრძოლი პირდაპირ დაკავშირებულია რეგიონთან.
სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებს არ იმოგზაურონ პანკისის ხეობაში, არსებული საფრთხის გამო. პანკისის ხეობაში წარსულში გამოვლინდა კავშირი ISIS-ის ტერორისტულ დაჯგუფებასთან. ზოგიერთი ცნობილ ტერორისტს პირდაპირი კავშირი აქვს პანკისის ხეობასთან", - აღნიშნულია განცხადებაში.
აშშ-ს დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში კრიმინალის საფრთხე მაღალია. ანგარიშში ასევე მოხვდა პოლიტიკური, რელიგიური და ეთნიკური ნიშნით ძალადობა,ნარკოდანაშაული და ტერორიზმის საფრთხე.