“ნახატების უკან, კედელზე ბაღლინჯოები აღმოაჩინეს“ - ცისფერი გალერეის საგამოფენო სივრცე დაიკეტა

13.08.24 17:50
“ნახატების უკან, კედელზე ბაღლინჯოები აღმოაჩინეს“ - ცისფერი გალერეის საგამოფენო სივრცე დაიკეტა

ცისფერი გალერიის საგამოფენო სივრცე უკვე ორი დღეა დაკეტილია, შენობაზე გამოკრულ განცხადებაში წერია, რომ ტექნიკური ხარვეზის გამო, გალერეა 16 აგვისტომდეა არ იმუშავებს.

თუმცა, როგორც ამბობენ, შენობაში, სავარაუდოდ, ბაღლინჯოები აღმოაჩინეს. 

“პირველების“ ინფორმაციით, მწერები ნახატების უკან, კედელზე ნახეს. სწორედ ამ გალერიის მეორე სართულზე ინახება ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრებიც.

ადმინისტრაცია, ამ დრომდე, განმარტებებს არ აკეთებს. მუზეუმის ყოფილი თანამშრომელი კი ამბობს, რომ დაწესებულებაში არ იცავენ პროტოკოლს, რითაც რისკის ქვეშ აყენებენ კულტურულ მემკვიდრეობას.

სრულიად წარმოუდგენელია, რომ მსგავსი რა მოხდეს ცივილურ ქვეყანაში და დაწესებულებაში, სადაც მუშაობენ პროფესიონალები. ეს იმან ნიშნავს, რომ რესტავრაცია- კონსერვაციის დეპარტამენტი, რომელიც პასუხისმგებელია სივრცის სტერილურობაზე, ვერ მუშაობს, არ იცავს პროტოკოლს და რისკის ქვეშ აყენებს კულტურულ მემკვიდრეობას.

პროტოკოლი გულისხმობს გალერეაში შემოსული მასალის წინასწარ შემოწმებას, რომ ისი იყოს თავისუფალი ნებისმიერი სახის ბაქტერიისგან, მითუმეტეს ცოცხალი არსებებისგან. სასაცილოა, რომ ამაზე გვიწევს საუბარი“,- ამბობს ეკა კიკნაძე.  

გულგრილობის და დაუდევრობის შედეგს უწოდებს ოპოზიცია მომხდარს და ამბობს, რომ კულტურის სამინისტროს საკადრო პოლიტიკამ კულტურულ მემკვიდრეობას, მუზეუმებს და სხვა დაწესებულებებს პრობლემები გაუჩინა.

ცალსახად ვიტყოდი, რომ მთავარი მოპასუხე კულტურის სამინისტროა. ის საკადრო პოლიტიკა, რომელიც მათ აწარმოეს უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში, მთელ სისტემაში და დაცალა პროფესიონალი კადრებისგან მთელი სფერო, მათ შორის ეროვნული მუზეუმი, ამიტომაცაა ასეთი დაუდევრობის და გულგრილობის შედეგად ისეთი ტიპის პრობლემები ჩნდება,  კულტურული მემკვიდრეობის თავს , როგორსაც ყოველდღიურ რეჟიმში ვუყურებთ“, - ამბობს კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, დეა მეტრეველი.

მსგავსი სიახლეები