პედოფილიის 8 შემთხვევა - საგამოძიებოს ცნობით, 32 წლის კაცი დანაშაულს სრულად აღიარებს
პედოფილიის, სექსუალური გამოძალვის და გარყვნილი ქმედების საქმეზე დაკავებული 32 წლის კაცი დანაშაულს სრულად აღიარებს - ამის შესახებ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ.
რაც შეეხება მძიმე დანაშაულში ბრალდებულის პოზიციას, მისი უფლებადამცველი ამბობს, რომ გაუთქმელობის ხელწერილზე აქვს ხელი მოწერილი, შესაბამისად საქმის დეტალებზე ვერ ისაუბრებს.
ირკვევა, რომ კაცის წინააღმდეგ საქმეში არასრულოვნების მამხილებელი ჩვენებების გარდა, მიმოწერები და ვიდეო მტკიცებულებებიც დევს.
სამეგრელოში მცხოვრები კაცი ერთი ეპიზოდის საქმეზე 2024 წლის 16 ივნისს დააკავეს, ხოლო მისი პირადი მობილურის შეწავლის შემდეგ გამომძიებლებმა ძალადობის 7 ეპიზოდიც გამოიკვლიეს და 32 წლის კაცს ბრალი დაუმძიმეს.
აღსანიშნავია, რომ დაზარალებულთა შორისაა დაკავებულის 15 წლის ნათესავიც. საქმის მასალების მიხედვით, მან მოზარდს ინტიმური ფოტოები გამოაგზავნინა და ბოლოს მის ნათესავებს გაუგზავნა.
"ამჟამად დაკავებულმა 2024 წლის მარტში, ბრალდებულმა სოციალურ ქსელ ,,ინსტაგრამის“ საშუალებით, ყალბი მომხმარებლის გვერდიდან ,,xvicha232” საკუთარ ნათესავს, დასავლეთ საქართველოში მცხოვრებ არასრულწლოვან 15 წლის გოგოს მისწერა, რომელსაც თავისი ვინაობა დაუმალა და თანატოლად გაეცნო. მოგვიანებით მიმოწერისას ბრალდებულმა 15 წლის გოგოს, მცირეწლოვანი - 13 წლის დისთვის, შიშველ მდგომარეობაში ფოტოების გადაღება და მასთან გაგზავნა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა მისი მოკვლით. მუქარით შეშინებულმა არასრულწლოვანმა დის ნაცვლად ბრალდებულს საკუთარი შიშველი სხეულის ფოტოები გადაუგზავნა, რის შემდეგაც მამაკაცი სისტემატურად სთხოვდა მას ახალი ფოტო, ვიდეო მასალის გაგზავნას. სოციალურ ქსელში ბრალდებულის დაბლოკვის შემდეგ, მამაკაცმა საკუთარ 15 წლის ნათესავ გოგოს, შიშველი სხეულის ფოტოები, სოფელში არასრულწლოვნის მეზობლებთან, მეგობრებთან და ნაცნობებთან გაუვრცელა" - წერს საგამოძიებო.