მეზობლების ინფორმაციით, პედოფილიის საქმეზე დაკავებული, მოქმედი სამხედროა

03.09.24 17:09
მეზობლების ინფორმაციით, პედოფილიის საქმეზე დაკავებული, მოქმედი სამხედროა

მეზობლების ინფორმაციით, სერიული პედოფილიის საქმეზე დაკავებული ბრალდებული ჯარისკაცია. ადგილობრივები ამბობენ, რომ  მოზარდების მიმართ სექსუალურ ძალადობაში  მხილებული კაცი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში წლების განმავლობაში მსახურობდა და დაკავების დროსაც მოქმედი სამხედრო იყო. 

თავდაცვის სამინისტრო მომხდარ ფაქტს ამ დრომდე არ გამოხმაურებია. 

32 წლის კაცის დასაკავებლად სპეცოპერაცია სამეგრელოს რეგიონში რამდენიმე თვის წინ ჩატარდა. დაკავებულს ათობით ბავშვის მიმართ გარყვნილი ქმედების, სექსუალური ძალადობის და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფას ედავებიან. 

დაზარალებულთა შორის ერთ-ერთი მოზარდი მისივე ნათესავი, 15 წლის ბავშვია. 

დაკავებულს, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობა უკვე შეუფარდა.

საქართველოს პროკურატურის ცნობით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებული, სოციალური ქსელების მეშვეობით, ყალბი პროფილით ეცნობოდა არასრულწლოვნებს, რის შემდგომაც მუქარის და შანტაჟის გზით, მათ ინტიმური შინაარსის ფოტოსურათების, ვიდეოს და სქესობრივი ურთიერთობის გადაღებას და მისთვის გაგზავნას აიძულებდა, რასაც შემდგომ სხვა პირებს უგზავნიდა.

ბრალდებული სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს. სამართალდამცველებმა მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი საბრძოლო მასალა ამოიღეს.

პროკურატურამ დაკავებულს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება და გავრცელება - 8 დაზარალებულის მიმართ 11 ეპიზოდი), 139-ე მუხლის პირველი ნაწილით (სქესობრივი ურთიერთობის იძულება), 139-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (არასრულწლოვნისთვის სქესობრივი ურთიერთობის იძულება - ორი ეპიზოდი), 141-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით (გარყვნილი ქმედება თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ), 236-ე მუხლის მესამე ნაწილით (საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.