ძლიერი ხანძარი ბორჯომის ხეობაში - უახლესი ცნობები ახალდაბის ტყიდან

04.09.24 13:35
ძლიერი ხანძარი ბორჯომის ხეობაში - უახლესი ცნობები ახალდაბის ტყიდან

ბორჯომის ხეობაში ძლიერი ხანძრის ლიკვიდაცია ამ დრომდე ვერ ხერხდება - ახალდაბის ტყეში ხანძრის ქრობის პროცესი სამ საათზე მეტია მიმდინარეობს. 

როგორც "ტვ პირველის" კორესპოდენტი სტიქიური უბედურების ეპიცენტრიდან იტყობინება, ცეცხლის ქრობის სამუშაოებში საგანგებო სიტუაციების მართვის 4 ვერტმფრენია ჩართული.

ბორჯომ-ხარაგაულის დაცულ ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის ჩაქრობის პროცესში მთავარ ძალად ავიაცია რჩება, რადგან რთული რელიეფის გამო, მეხანძრე-მაშველებს ტერიტორიაზე გადაადგილება არ შეუძლიათ.

ირკვევა, რომ ავიაციამ, რომელიც დაახლოებით 40 კილომეტრს გადის იმისთვის, რომ ტყის მასივში მიაღწიოს, ძირითად კერებს მიუახლოვდეს და ხანძრის ლოკალიზება მოახდინოს, ერთ-ერთი მთავარი წერტილის ლოკალიზება შეძლო.

 150 მეხანძრე-მაშველი და რეინჯერთა ჯგუფი მძიმე ტექნიკის გამოყენებით გზის გაკვალვას ამ დრომდე ცდილობენ, თუმცა ისინი ძირითად კერებამდე მიღწევას ვერ ახერხებენ. 

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ამ ეტაპისთვის დამატებითი ძალების ჩართვის საჭიროება არ არსებობს და იმ შემთხვევაში, თუ ვერტმფრენები დღის ბოლომდე ხანძრის ლოკალიზებას ვერ მოახერხებენ, მაშინ ცეცხლის ჩაქრობის პროცესში ქართული ჯარი ჩაერთვება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადგილზე უსაფრთხოების ზომები მიიყო და ყველა ადგილობრივი თუ ის ადამიანი, რომლებიც ტყის მასივში შესვლას ცდილობდნენ, ტერიტორიას გამოარიდა. 

რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი, ამ კითხვაზე პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს. ადგილობრივები კი  "პირველებთან" ამბობენ, რომ ბორჯომ-ხარაგაულის დაცულ ტერიტორიაზე ბევრი ტურისტი გადაადგილდებოდა, რაც მათი თქმით, ბადებს ეჭვს, რომ ცეცხლი შესაძლოა, ტურისტის დაუდევრობას გამოეწვია. 

უსაფრთხოების ზომების გამო გამოყავთ მოსახლეობა. როცა საჭირო იქნება ჩაერთვებიან. მეტყევემ ნახა კვამლი. ადგილზე ტურისტები დადიან ხოლმე. ძალიან ღრმა ტყე არის. მგონია, რომ ვიღაცამ ან მწვადი შეწვა, იქეიფა, დათვრა და ამის ბრალია. ნაძვნარია და ნაძვს რომ უკიდია, უცბად ედება ცეცხლი. მიუვალი ადგილია. მეხანძრეებმა გაიარეს და ვერ ავიდნენ. ფეხით ვერ ახვალ და ტრანსპორტსაც უჭირს", - ამბობს ადგილობრივი.

ცნობისთვის, ბორჯომ-ხარაგაულის დაცულ ტერიტორიაზე ხანძარი 3 სექტემბერს გაჩნდა. როგორც ადგილობრივები tvpirveli.ge-ს უყვებიან, ძლიერი დაკვამლიანება ახალდაბაში, ე.წ. ნეძვის ტერიტორიაზე, დაახლოებით, 18:00 საათზე შენიშნეს და საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურში დარეკეს.